კობახიძე ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა "მოთმინებით და სწორი პრაგმატული პოლიტიკით" მიიღწევა
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა "მოთმინებით, მშვიდობიანი გზით და სწორი პრაგმატული პოლიტიკით" მიიღწევა.
ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„არც ერთი წამით არ გვავიწყდება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თქვენ ღირსეული საცხოვრებელი მიიღოთ საკუთარ მშობლიურ კუთხეში და ეს დარჩება ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს საზრუნავად. მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება. მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით დევნილ მოსახლეობას ახალი ბინები გადაეცათ. სახლის გასაღები დღეს ჯამში 1600-ს ოჯახს მისცეს. საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, სადაც ახლა რუსების კონტროლია დამყარებული, მათი დროებითი მისამართი თვალჭრელიძის ქუჩა იქნება, სადაც ახალი კომპლექსიაა აშენებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული.