სოფელ არბოშიკის სკოლის ბედი დღემდე გაურკვეველია - ადგილზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ჩავიდნენ

19.09.26 17:04
სოფელ არბოშიკის სკოლის ბედი დღემდე გაურკვეველია - ადგილზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ჩავიდნენ

დედოფლისწყაროში, სოფელ არბოშიკის სკოლის ბედი დღემდე გაურკვეველია. "ლელო- ძლიერი საქართველოს" ინფორმაციით, აღნიშნული შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული იმ სკოლების ჩამონათვალშია, რომელზეც პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოცხადდა, თუმცა სკოლა ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

დღეს სოფელ არბოშიკში "ლელო ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ადგილზე ჩავიდა.

კუპრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" საკუთარ მოსახლეობას "გენოციდს უწყობს - ანგრევს სკოლებს, ბაღებს და აღარ აშენებს".

ეს არის მიტოვებული შენობა და ბავშვების ტარება უწევთ დაშორებით სხვა სოფლებში - ზემო მაჩხაანში. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება დევნიდე საკუთარი ქვეყნიდან მოსახლეობას მაშინ როცა აუქმებ სკოლებს, აუქმებ ბაღებს, არ აშენებ ალტერნატივას და ფლანგავ სახელმწიფო ბიუჯეტს. ეს არის დანაშაული და დევნა საქართველოს მოსახლეობის - გენოციდი, რისი  მიზანიც არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უბრალოდ საქართველოდან განდევნოს საქართველოს მოსახლეობა", - განაცხადა ირაკლი კურპაძემ.