გარემოს ეროვნული სააგენტო: ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში 19-20 სექტემბერს რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა - 21 საათის განმავლობაში ქალაქში უწყვეტად წვიმდა, მოსული ნალექის რაოდენობამ კი 275 მმ შეადგინა, რაც სექტემბრის კლიმატური ნორმის 90%-ზე მეტია.
სააგენტოს ცნობით, განსაკუთრებით ინტენსიური წვიმა 19 სექტემბერს, 21:00-დან 22:00 საათამდე დაფიქსირდა - მხოლოდ ერთ საათში 52.5 მმ ნალექი მოვიდა. 24 საათში დაფიქსირებული 273 მმ კი ბათუმისთვის სექტემბრის თვის ისტორიული მაქსიმუმია და, სპეციალისტების შეფასებით, 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს მიეკუთვნება.
უხვმა ნალექმა ბათუმის ცალკეულ უბნებში ქუჩების დატბორვა და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებითი გადატვირთვა გამოიწვია. მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა ქობულეთშიც - 134.5 მმ, მტირალას ეროვნულ პარკში - 93 მმ, კოხში - 58.5 მმ, ხოლო სინდიეთში - 50.8 მმ.
გარემოს ეროვნული სააგენტო რეგიონში ჰიდრომეტეოროლოგიური ვითარების მონიტორინგს აგრძელებს.