მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურია

21.09.26 11:44
მისაქციელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - ადგილზე ხმაურია

მისაქციელის საჯარო სკოლასთან დილიდან პროტესტია. მშობლები აღნიშნულ შენობაში სასწავლო პროცესის შეწყვეტას აპროტესტებენ და ითხოვენ, შენობის ავარიულობის დამადასტურებელი დასკვნა აჩვენონ, თუმცა სკოლის ავარიული მდგომარეობის შესახებ დასკვნა არ უნახავთ არც სკოლის დირექტორს და არც ადგილობრივებს.

 სკოლის დირექტორი სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს.

ეხლა არის დაკეტილი, იმიტომ რომ ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება, მარტო ჩვენ სკოლაში არა, ზოგადად. " - თქვა სკოლის დირექტორმა, ნინო ჩეკურიშვილმა მშობლების კითხვების საპასუხოდ.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ სკოლის დანგრევა კერძო პირის ინტერესში შედის. 

მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს დაგვიკეტეს კარები. ახალი დაწყებული სკოლაა, ახალი გაკეთებული სკოლაა. არაფერი ამას სარემონტო არა აქვს. - ადგილობრივი მოსახლე.

მისაქციელის საჯარო სკოლა, რომლის რეაბილიტაციასაც ადმინისტრაცია წლების განმავლობაში ითხოვდა, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში დაიკეტა. შედეგად, 500-ზე მეტი მოსწავლე სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.

ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეები შესაძლოა დროებით ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანონ ან წილკნის სკოლაში გადაანაწილონ. ადგილობრივებისთვის ორივე ვარიანტი პრობლემურია - მათი თქმით, წილკანის საჯარო სკოლა საკუთარ მოსწავლეებს ვერ აუდის, ამიტომ დამატებით სხვა სკოლის ბავშვების იქ დატევა ნიშნავს, რომ ბავშვებს მესამე ცვლაში მოუწევთ სწავლა, რაც მათთვის მიუღებელია.

მშობლები და ადგილობრივები ხელისუფლებისგან კონკრეტულ გეგმასა და პასუხს ელოდებიან, სად და რა ფორმით გაგრძელდება მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.