ელისო კილაძის პროცესზე პოლიცია გამოიძახეს - ადვოკატები ეჭვობენ, რომ გივი ჯიბლაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა

22.09.26 13:35
ელისო კილაძის პროცესზე პოლიცია გამოიძახეს - ადვოკატები ეჭვობენ, რომ გივი ჯიბლაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაა

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმეზე სასამართლოს ჩვენებას „ქოლ-ცენტრების“ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელი, გივი ჯიბლაძე აძლევს.

ბიზნესმენი პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც ხელი თაღლითური "ქოლ-ცენტრების" საქმეზე ბრალდებულ ყველა პირს დაადო და საკუთრი დანაშაულიც აღიარა.

დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატების მტკიცებით, დახურულ სასამართლო პროცესზე, ჯიბლაძემ თქვა, რომ  ირაკლი ღარიბაშვილი არის პირი, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრებს მფარველობდა.    

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადვოკატზე დაყრდნობით გვატყობინებს, ამ განცხადების შემდეგ, ადვოკატებმა სასამართლოში პატრული გამოიძახეს. იურისტები ეჭვობენ, რომ  ჯიბლაძე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა. 

განახლება - მხარეებმა კომენტარები სხდომის დასრულების შემდეგაც გააკეთეს: 

აშკარად ეტყობა, რომ თრობის ქვეშ არის. ჩემს მიერ გამოძახებული იყო 112 და ველოდები საპატრულო პოლიციის მოსვლას და მის გადაყვანას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. მე ეს გავაკეთე წინსწარ იმიტო, რომ შესაძლებელია, გივი ჯიბლაძე მერე მიიმალოს, რაღაც მიზეზი გამოჩნდეს და ამიტომ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა.

შალვა ბედოიძეზე თქვა, რომ "ბაზის ფლეშკა", ანუ სადაც მთელი მონაცემები ჰქონდა ე.წ. დაზარალებულის  ჰქონდათ, რითაც ხდებოდა თანხების გადმოქაჩვა, თურმე წაიუღია ეს შსს-ირაკლი სეხნიაშვილის მეშვეობით დაუბრუნებია ბედოიძეს და ამით გააგრძელეს "ქოლ- ცენტრთან" დაკავშირებით მუშაობა.

აღნიშნა ასევე, რომ ფარცხალაძე მფარველობდა, ე.წ. "კრიშავდა" [ქოლ-ცენტრებს] და შემდეგ, როდესაც მოვიდა პრემიერად ღარიბაშვილი, ღარიბაშვილმა გაწია ფინანსთა საგამოძიებო სამსახური და მან ჩაიბარა ეს "ქოლ-ცენტრები" - სრული აბსურდი", - ამბობს ნათია კორკოტაძე. 

თავად ჯიბლაძე კი ამტკიცებს, რომ ელისო კილაძის ადვოკატების ბრალდებების უსაფუძლოა და ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არ არის.

ვნახოთ, მოვიდნენ (პოლიციელები), - ამბობს ჯიბლაძე "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

ამასთან, ჯიბლაძე აღნიშნავს, რომ პროცესზე ირაკლი ღარიბაშვილი "ქოლ-ცენტრების" მფარველობის კონტექსტში არ უხსენებია.  მისი მტკიცებით, სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მუშაობდა დანაშაულებრივი ჯგუფი.

რაც შეეხება ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს, თუმცა ამის დროც მოვა.

სამწუხაროდ, ახლა ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დადგება დრო და ვისაუბრებ"- თქვა მან. 

ცნობისთვის, ელისო კილაძე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე წლის 18 თებერვალს დააკავეს.

„ქრონიკა +“-ის დამფუძნებლის საქმე  ცალკე წარმოებად განიხილება. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაკავების პირველივე წუთიდან აცხადებს, რომ ის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია და ყოფილი მაღალჩინოსანის მხილების გამო ისჯება. 

რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, ბიზნესმენს ბრალდებულის სტატუსი აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები არიან:  ოთარ ფარცხალაძე, ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა, გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და "არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას". ოთხივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.