ავტობანი, რომლის მშენებლობაზეც 324 მლნ ლარი დაიახარჯა, დროებით იკეტება
ახლადგახსნილი ავტობანი, რომლის მშენებლობაზეც 324 მილიონი ლარი დაიხარჯა, ლოკალური დეფორმაციების გამო ოთხი დღით იკეტება.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა აღარ დასჭირდება - სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას პროექტის კონტრაქტორი ჩინური კომპანია იღებს.
კორუფციის მკვლევარებს და ოპოზიციას აინტერესებთ, თუ გზაზე ხარვეზები არსებობდა და დამატებითი სამუშაოები იყო საჭირო, რა მდგომარეობაში ჩაიბარა პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და რატომ გაიხსნა ავტობანი სამუშაოების საბოლოოდ დასრულებამდე.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყურადღებით უნდა შეემოწმებინა ანუ უნდა განეხორციელებინა ეფექტური კონტროლი, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივსულიყავით. ახლა რაც შეეხება უშუალოდ დაკეტვას, ანუ 4 დღით დაიკეტა იმიტომ, რომ გაირკვეს, რა პრობლემებია. შემდეგ, როდესაც ეს პრობლემები გაირკვევა, ასევე უნდა გვითხრან, აღნიშნული პრობლემა გამოსწორდება გახსნილ მაგისტრალზე ანუ მანქანების მოძრაობის დროს გამოასწორებენ თუ მანქანების მოძრაობა უნდა შეჩერდეს და დაიწყოს სამუშაოები? ეს რაღაც გაურკვეველი ფრაზები, რომ "კომპანია გამოასწორებს და ფული არ იხარჯება", ფული უკვე დახარჯულია, - ამბობს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.