ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან

22.09.26 19:57
ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და სპორტსმენების პოლიტიკაში ჩარევაზე საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ დღევანდელი პროპაგანდა ასე ისმის “სპორტი და პოლიტიკა გამიჯნეთ“, მაინც ხშირად იყენებენ სპორტსმენებს პოლიტიკაში.

ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ სპორტსმენებს დიდი პასუხისმგერბლობა მართებთ, სანამ პოლიტიკაში ან ჩაერთვებიან, ან ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერენ, რადგან მათ უკან  გულშემატკივრების ძალიან დიდი არმიაა. 

“ხშირად გაიგონებთ დღევანდელ პროპაგანდაში - „სპორტი პოლიტიკა გამიჯნეთ“ და, როგორც წესი, ამავე სიტყვების ავტორები მაქსიმალურად რევენ პოლიტიკაში სპორტსმენებს. რეალობა შემდეგია: სპორტი და პოლიტიკა, ისვე როგორც ხელოვნება და პოლიტიკა, არის ერთმანეთისგან განუყოფელი. სამყაროს კანონზომიერებაა ისეთი, რომ სადაც ბევრი ადამიანია ერთად, იქ აუცილებლად გამოჩნდება ბიზნესი და პოლიტიკა, რამეთუ ეს ორი რამ აღწევს ადამიანის ყველაზე ყოფით საარსებო გარემოშიც კი. წარმოიდგინეთ, ამა ქვეყნის ძლიერთა პოლიტიკაზე ისიც კია დამოკიდებული, თქვენ სუფთა ჰაერით ისუნთქებთ თუ გამონაბოლქვით დაბინძურებულით. სუფთა წყალს დალევთ თუ გაუფილტრავს. ნატურალური პროდუქტი დაგხვდებათ მარაზიაში თუ ქათმის ექსკრემენტებით დაბინძურებული. ახლა დაფიქრდით - იქ, სადაც პოლიტიკა აღწევს თქვენ საარსებო გაარემოში, როგორ შეიძლება სპორტი დარჩეს პოლიტიკის მიღმა? მეტიც, სპორტი ოდითგანვე პოლიტიკის ინსტრუმენტი გახლდათ. გაიხსენეთ ძველი ბერძნული სამყარო, ოლიმპიური თამაშების დროს ომსაც კი წყვეტდა (იგივე ეხება ხელოვნებასა და თატრს. საერთოდ, პირველი პიესები, რაც ძველ საბერძნეთში დაიდგა, წმინდად პოილიტიკური გახლდათ).

ცნობილი სპორტსმენების გამოყენებას ყოველი პოლიტიკოსი ცდილობს. ასე, მაგალითად, ფეხბურთელი კილიან მბაპე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირდაპირ მის საარჩევნო კამპანიაში გამოიყენა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპორტსმენებს დიდი პასუხისმგერბლობა მართებთ, სანამ პოლიტიკაში ან ჩაერთვებიან, ან ნეიტრალურ პოზიციას დაიჭერენ. სპორტსმენების გარშემო (ზოგადად, სხვა წარჩინებული ადამიანების გარშემო), გულშემატკივართა დიდი ტალღა იყრის თავს, რომლებიც ბაძავენ კუმირს და წარმოადგენენ მათთვის დიდ ავტორიტეტს. ამიტომ, სპორტსმენებს (განსაკუთრებით) აკისრიათ დიდი მორალური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის ნწინაშე. რას ვხედავთ დღეს ჩვენ? - სპორტსმენების უმრავლესობა ივანიშვილის სისხლიან რეჟიმს მიეტმასნა და მათი პროპაგანდის ინსტრუმენტად იქცნენ. ბევრიც ქვეყანაში არსებულ მძიმე უსამართლობაზე სამარცხვინოდ დუმს, ვაიდა ჩემი კომფორტული ყოფა არ მოიშალოსო (სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი). ცოტამ თუ ამოიღო ხმა და ისიც პოლიტიკური შეფასებები არ გაუკეთებიათ, მორალისა და ღირსების გადმოსახედიდან ისაუბრეს და ივანიშვილის სიხლიანმა რეჟიმმა ამ მცირედის გამოც კი დააწიოკა ეს ხალხი. ისტორიაში ყველაფერი ნაფიქრია და ნამსჯელია. მოდი ვნახოთ, რას წერს ჩვენი ერის მამა - ილია ჭავჭავაძე ერში წარჩინებულ ადამიანებზე (მათ შორის სპორტსმენებზე), რომელთაც მყინვარს ადარებს (მგზავრის წერილები, 1861 წელი): “მყინვარი!.. დიდებულია, მყუდრო და მშვიდობიანი, მაგრამ ცივია და თეთრი, დანახვა მისი მაკვირვებს და არ მაღელვებს, მაციებს და არ მათბობს, - ერთი სიტყვით, მყინვარია. მყინვარი მთელი თავისი დიდებულებით საკვირველია და არა შესაყვარებელი. აბა რად მინდა მისი დიდება? ქვეყნის ყაყანი, ქვეყნის ქარიშხალი, ქროლვა, ქვეყნის ავ-კარგი მის მაღალ შუბლზედ ერთ ძარღსაც არ ატოკებს. ძირი თუმცა დედამიწაზე უდგას, თავი კი ცას მიბჯენია, განზედ გამდგარა, მიუკარებელია. არ მიყვარს არც მაგისთანა სიმაღლე, არც მაგისთანა განზედ დგომა, არც მაგისთანა მიუკარებლობა... არა, მყინვარი არ მიყვარს; მისი სიცივე სუსხავს და სითეთრე აბერებს! მაღალიაო! რად მინდა მისი სიმაღლე, თუ მე იმას ვერ ვწვდები და ის მე ვერ ჩამომწვდება“.

მართლაც, ჩვენ ხომ ეს სპორტემენები იმიტომ გვიყვარს და იმიტომ ვგულშემატკივრობთ, რომ მათი წარმატება ქვეყნის წარმატებად მიგვაჩნია. მათი მიღწევა, ჩვენი თითოეული ქართველის წილი გვგონია. თუ სპორტსმენის წარმატება თავის სამშობლოსა და ხალხს არ მოხმარდა, ასე ცარიელად მათი სპორტსმენობა არ არის პატრიოტიზმი. მითუმეტეს, სპორტით ისისნი მილიონებს გამოიმუშავებენ. სათქმელი რომ ბოლომდე ითქვას, არც ერთ სპორტსმენს ერთად აღებულს იმდენი დიდება არ მოუტანია თავისი სამშობლოსთვის, რამდენიც თუნდაც ერთმა “სუხიშვილებმა“ მოუტანეს, პირდაპირ ქართული კულტურა გააქვთ მთელს მსოფლიოში და ამაში მილიონებსაც ვერ გამოიმუშავებენ, არც იმდენი დაფასება არ მიუღიათ, რასაც იმსახურებენ.

და ბოლოს, მართალია ამ სპორტსმენების წარმატება გასაკვირი და გასაოცარია, პიროვნულად პატრივისცემასაც იწვევს, კაცი რომ თავისი შრომით ამდენს მიაღწევს, თუმცა თუ ეს მათი წარმატება, მათი ავტორიტეტი არ მოხმარდა საქართველოს და ქართველ ხალხს სასიკეთოდ, მაშინ რაში გვჭირდება ჩვენ მათი დიდება, რომელიც სამშობლოს არ გამოადგება?”,- წერს ზვიად ცეცხლაძე.

ცეცხლაძის წერილს მოძაობა “დაფიონი“ ავრცელებს.