21-ე სკოლა არის და ყოველთვის იყო ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად - ანდრო ჭიჭინაძე

22.09.26 21:44
21-ე სკოლა არის და ყოველთვის იყო ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად - ანდრო ჭიჭინაძე

პროდასავლურ აქციებზე დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და 21-ე სკოლაში მიმდინარე პროტესტს უერთდება.

როგორც წერილიდან ირკვევა, ანდრო სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია.

მის წერილს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აქვეყნებს. 

ანდრო ჭიჭინაძე 21-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. იმ სკოლაში, რომელსაც დღეს დანგრევა ემუქრება.

გიზიარებთ ჭიჭინაძის საჯარო წერილს, - წერს მიგინეიშვილი.

ანდრო ჭიჭინაძის წერილი სრულად: 

"21-ე საჯარო სკოლა არ არის სივრცე სადაც ბავშვები გარკვეულ ინფორმაციას იღებენ და ბრუნდებიან სახლებში.

21-ე საჯარო სკოლა (ჩემთვის "შისტოი") არის და ყოველთვის იყო ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად, სწავლობდნენ თავისუფალ აზროვნებას და ამ პროცესით იყვნენ და არიან ბედნიერები.

ეს ყველაფერი იმ გადასარევი მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც წლებია ამ გარემოს ქმნიან.

ეს ფასეულობები, რომლებიც ამ სკოლამ შექმნა დანგრევას არ ექვემდებარება.

იმ უპასუხისმგებლობის დეტალებზე არაფერს ვიტყვი, რაც ამ დღეებში გავიგე. ერთადერთის თქმა მინდა რომ არცერთი მთავრობის პირობებში ამ სკოლას უკან არაფერზე დაუხევია სხვადასხვა დროს მთავრობების ინტერესების მიუხედავად.

ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს. ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში.

მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი სკოლის დაცვისთვის."

ა.ჭიჭინაძე

22.09.2026.,- წერს წერილში ანდრო ჭიჭინაძე.

  • 21-ე საჯარო სკოლასთან პროტესტია. მოსწავლეები და მათი მშობლები შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით ხელახალი დასკვნის დადებას და ასევე სკოლისთვის ერთი კონკრეტული სივრცის გამოყოფას ითხოვენ. მშობლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ადგილზე მაღალსართულიანი შენობის აშენება სურდეს. 

სკოლაში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეჩერდა. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობას კონსტრუქციული სქემის არასეისმურობის გამო ვარგისიანობის IV კატეგორია მიენიჭა. დასკვნა 10 სექტემბერს გაიცა, თუმცა სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის შემდეგ შეწყდა.მშობლები განათლების სამინისტროში შეხვედრაზეც იმყოფებოდნენ.