დიმიტრი სამხარაძის მამის სოლო კონცერტები სახელმწიფოს ჯამში 164 750 ლარი დაუჯდა

24.09.26 14:25
დიმიტრი სამხარაძის მამის სოლო კონცერტები სახელმწიფოს ჯამში 164 750 ლარი დაუჯდა

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის მამა სხვადასხვა ქალაქში გამართული კონცერტებიდან, ბიუჯეტიდან ჯამში 164 750 ლარს მიიღებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მევიოლინე ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტი 55 000 ლარი დაუჯდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2026 წლის 16 სექტემბრის გაცემულ №2744 განკარგულებაში ვკითხულობთ, სადაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობაა გაცემული. 

  • ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

კონცერტი წყალტუბოში გუშინ გაიმართა. ამის შესახებ ფბ-გვერზე თავად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოც ავრცელებს ინფორმაციას. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერი გენადი ბალანჩივაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის   წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის ვიტალი (იმერელი) სამხარაძის სოლო კონცერტს დაესწრნენ. 
კლასიკური მუსიკის კონცერტზე ვიტალი (იმერელი) სამხარაძესთად ერთად ფინეთში მოღვაწე საერთაშორისო მუსიკოსი მარიან პეტრესკუ (ფორტეპიანო) წარსდგა. მაყურებლის წინაშე შესრულდა ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები.
ღონისძიება  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით გაიმართა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რამდენიმე თვით ადრე, მაისში,  ვიტალი სამხარაძის სოლო კონცერტი გაიმართა ქუთაისშიც. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 161 ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუწიციპალიტეტის მერიას კონცერტი 58 500 ლარი დაუჯდა.      აქაც გამარტივებული შესყიდვით მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. 

კონცერტი 2026 წლის 4 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

  • საღამოს "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, დიტო სამხარაძე, დავით მათიკაშვილი,  ირმა ზავრადაშვილი, ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, იმერეთის გუბერნატორი ლევან ზალკალიანი, მოადგილეები, ქალაქის მერი დავით ერემეშივილი, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კადრებში ასევე ჩანს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი, რომელიც მესხიშვილის თეატრში "ოცნების" დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის გვერდით ლოჟაში ზის. 

"პირველები" ღონისძიების შესახებ კითხვების დასასმელად ქუთაისის მერს, დავით ერემეიშვილს დაუკავშირდა. 

კონცერტების პროდიუსერი და დირიჟორი არ ვარ გენაცვალე. არსებობს მერიაში კულტურის სამსახური და მიმართეთ", - განუცხადა "პირველებს" ერემეიშვილმა. 

29 მაისს დიმიტრი სამხარაძის მამამ კონცერტი გამართა ხარაგაულში – ანაზღაურება 20 000 ლარი. დღეს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი "პირველებთან" ირწმუნებოდა, რომ ხარაგაულის ბიუჯეტის ხარჯები მათ შორის ორიენტირებულია ხალხის ინტერესებზე.

თუ ლურსმანაშვილს დავუჯერებთ, ხარაგაული "ოცნების" მმართველობის პერიოდში "პრაქტიკულად აყვავდა".

ვისაც სურვილი ჰქონდა ყველამ შეძლო დასწრება, ვისაც არ შეეძლო დასწრება, შეეძლო ჩანაწერისთვის ეყურებინა, არ ვარ წინააღმდეგი, რომ მიავწოდო მომავალშიდაც. ის  რაზედაც თქვენ საუბრობთ, როგრო განიკარგება ბიუჯეტი ხარაგაულში, რას ხმარდება და ა.შ. ჩვენ არ ვართ "ტვ პირველის" დაქვემდებარებაში არსებული ინსტიტუცია, ჩვენ განვმარტავთ კანონიერების ფარგლებში თანხებს, მათ შორის ორიენტირებულები ვართ ხალხის ინტერესებზე. ხარაგაული ბოლო  12-13 წლის განმავლობაში პრაქტიკულად აყვავდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო ის, რაც ყველა ერთად აღებულ ხელისუფლებას არ გაუკეთებია ხარაგაულში", - ამბობს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

ამას გარდა 26 სექტემბერს კონცერტი იგეგმება ჭიათურაში. მას ამ ქალაქში კონცერტისთვის 31 250 ლარს გადაუხდიან.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები