ჯარის ძარცვის საქმე - ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

25.09.26 11:08
ჯარის ძარცვის საქმე -  ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ.

ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

ჯარის ძარცვის საქმე: 

  • 2026 წლის  23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.
  • გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 - 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. 
  • საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. 

გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.

თავდაცვის ექს-მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.

მსგავსი სიახლეები