ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან - ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს (ფოტო)
ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან - ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ ვასილ მხეიძემ და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმამ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.
მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
მათ საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
ჯარის ძარცვის საქმე:
- 2026 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას ჩამოერთმევა ქონება და გადაეცემა სახელმწიფოს.
- გიორგი ხაინდრავას და ვასილ მხეიძეს 8 - 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
- საქმეზე ბრალდებულ ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს.
თავდაცვის ექს-მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.