სეს: საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი) და კვლევის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.
ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო.
18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-მდე აღსაზრდელი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს.
ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.