“ქართულ ოცნების“ ლიდერების მასპინძლობის გამო, ნიუ იორკის ქართული რესტორანი “უბანი“ განმარტებას აკეთებს
“ქართულ ოცნების“ ლიდერების მასპინძლობის გამო, ნიუ იორკის ქართული რესტორანი “უბანი“ განმარტებას აკეთებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია, რომ ამ ღონისძიების მასპინძლობით რესტორანი რაიმე პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავდა, უსაფუძვლოა.
რესტორანი არ წარმოადგენს არც ერთი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიისა თუ ჯგუფის ინტერესებს, - წერია განცხადებაში.
საჭიროდ მიგვაჩნია, მკაფიოდ გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, მოწოდებებსა და იმ ნეგატიურ შეფასებებს, რომლებიც ბოლო დღეებში ჩვენი რესტორნის მისამართით გავრცელდა და რომლებიც აშკარად სცდება ლეგიტიმური კრიტიკის ფარგლებს.
ჩვენს რესტორანში გაიმართა საერთაშორისო ხასიათის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მისიის წარმომადგენლებიც, ესწრებოდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ღონისძიების მასპინძლობით რესტორანი რაიმე პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავდა, უსაფუძვლოა.
რესტორანი კერძო ბიზნესია და არა პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ არ ვადგენთ ჩვენი სტუმრების პოლიტიკურ შეხედულებებს და არ ვარჩევთ მომხმარებლებს მათი პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით. რესტორანს არც შეუძლია და არც უნდა მოეთხოვებოდეს ადამიანებისთვის მომსახურებაზე უარის თქმა მათი პოლიტიკური შეხედულების, საქმიანობის, წარმომავლობისა თუ სხვა პირადი მახასიათებლის საფუძველზე. დაუშვებელია კერძო ბიზნესის მიზანში ამოღება და მის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის წარმოება.
განსაკუთრებით იმედგამაცრუებელი იყო ისიც, რომ ადგილზე გამართულ „პროტესტში“ არ გაჟღერებულა კონკრეტული საკითხები, რომლებიც საქართველოს მდგომარეობაზე რეალურ შეშფოთებას წარმოაჩენდა. საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი პირად დასაქმებას, შემოსავალსა და ამერიკაში ემიგრანტად შესრულებულ სამუშაოს ეხებოდა.
ამ ფონზე განსაკუთრებით წინააღმდეგობრივია რესტორნის დადანაშაულება იმაში, თითქოს გარკვეულ სტუმრებს „ფულის გამო“ ვმასპინძლობთ. როდესაც თავად პროტესტის მონაწილეთა საუბრის მთავარი თემა პირადი დასაქმება და ფინანსური კეთილდღეობა იყო, მსგავსი ბრალდება ჩვენი მისამართით, სულ მცირე, არადამაჯერებლად ჟღერს.
ასევე ძალიან მარტივია კლავიატურის მიღმა ბრალდებების წერა, ნეგატიური შეფასებების დატოვება და კერძო ბიზნესის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.
განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკური განსხვავებები ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი ბიზნესის მიზანმიმართულ დაზიანებაში გადადის. ჩვენი ოთხი რესტორნის უკან დგას წლების შრომა, დრო და უამრავი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოაჩინონ ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა.
რესტორანი არ წარმოადგენს არც ერთი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიისა თუ ჯგუფის ინტერესებს. ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვას, მაგრამ არც იმას დავტოვებთ უპასუხოდ, რომ მცდარი ინფორმაციისა და პოლიტიკური უთანხმოების გამო ვინმემ ჩვენი ბიზნესის რეიტინგისა და წლების განმავლობაში შექმნილი რეპუტაციის მიზანმიმართულად დაზიანება სცადოს.
მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ რესტორნის პოლიტიკურ დაპირისპირებაში ხელოვნურად ჩათრევის მცდელობა.
ჩვენი პოზიცია მკაფიო და ცალსახაა: რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებულ კრიტიკას ყოველთვის მივიღებთ. პოლიტიკური მოტივით ჩვენი ბიზნესის, თანამშრომლების შრომისა და წლების განმავლობაში შექმნილი რეპუტაციის დაზიანების მცდელობას არა, - წერია განცხადებაში.
24 სექტემბერს, ნიუ-იორკში მყოფ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო უწყების მაღალჩინოსნებს ქართველი ემიგრანტები პროტესტით დახვდნენ.
მაშინ, როცა ბოჭორიშვილი საგარეო უწყების თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთ რესტორანში შედიოდა, მას ქართველმა ქალბატონებმა უთხრეს, რომ "მონა მთავრობას" ემსახურება.