პროკურორი ამბობს, რომ ელისო კილაძის წინააღმდეგ დღეს ჩვენება "მნიშვნელოვანმა მოწმემ" მისცა
ელისო კილაძის სასამართლო პროცესები გრძელდება - დღევანდელ სხომაზე გამოკითხეს ადამიანი, რომელსაც პროკურატურის მტკიცებით, სრული ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა სავარაუდო კავშირი არსებობს გაზეთ "ქრონიკა პლუსის" დაპატიმრებულ რედაქტორსა და თაღლითურ ქოლ-ცენტრებს შორის.
თუ ბრალდებას დავუჯერებთ, მოწმეები პირდაპირ ადასტურებენ ჟურნალისტის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს.
დაიკითხა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმე, რომელიც წლების განმავლობაში ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყო, როგორც ელისო კილაძესთან, ისე ამ საქმეში ფიგურანტ სხვა პირებთან. შესაბამისად, ამ მოწმისთვის ცნობილია "ქოლ-ცენტრებთან" არსებული საკითხები. ასევე ის ინფორმაცია, თუ რისთვის იღებდა ელისო კილაძე ფულად თანხებს ორგანიზებული საქმიანობის ფარგლებში, რა იყო მისი მოვალეობა-ფუნქცია, ამ ყველაფერთან დაკავშრებით ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ის საკითხი, როგორც შუქდებოდა, რომ ის იყო "ქოლ-ცენტრებთან" მებრძოლი ჟურნალისტი, ის დავალებებს კონკრეტულ "ქოლ-ცენტრებში" შესვლის შესახებ ინფორმაციას იღებდა "ქოლ-ცენტრების" მმართველი პირების მიერ, შესაბამისად, ის ამისთვის გარკვეულ ფულად თანხებს იღებდა", - აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, ელისო კილაძე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მიმდინარე წლის 18 თებერვალს დააკავეს.
„ქრონიკა +“-ის დამფუძნებლის საქმე ცალკე წარმოებად განიხილება. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და დაკავების პირველივე წუთიდან აცხადებს, რომ ის სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის შურისძიების მსხვერპლია და ყოფილი მაღალჩინოსანის მხილების გამო ისჯება.
რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, ბიზნესმენს ბრალდებულის სტატუსი აქვს, თუმცა ეს უკანასკნელი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულები არიან: ოთარ ფარცხალაძე, ძმები, დავით და გიორგი მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და სხვები.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა, გივი ჯიბლაძემ, ბენ ანორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და "არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას". ოთხივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.