რა პირობებში იხდიან სასჯელს პატიმრები - მუსელიანცის დედობილი გლდანის ციხეში ომბუდსმენის შესვლას ითხოვს
არჩილ მუსელიანცის დედობილი სახალხო დამცველის ოფისში მივიდა. სინდისის პატიმრის ოჯახი გლდანის ციხეში ომბუდსმენის შესვლას ითხოვს, რათა დადგინდეს, რა პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა პატიმრებს.
ცარო ოშაყაშვილმა გასულ კვირას ასევე ციხის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, ხომ არ ისჯება არჩილ მუსელიანცი ციხეში არსებული ვითარების გასაჯაროების გამო.
ოშაყაშვილი ასევე საუბრობს ციხიდან გამოგზავნილი წერილების გახსნისა და პატიმრებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ. მისი თქმით, მუსელიანცს აგრძნობინეს, რომ ციხეში არსებული პრობლემების გასაჯაროების შემთხვევაში შესაძლოა დაისაჯოს.
ვწერ განცხადებას, რომ მსურს, პირადად შევხვდე ბატონ ლევანს, რადგან უსამართლობები ხდება ციხეში. მაგალითად, იხსნება ჩემი წერილები, არ მოდის არჩილის წერილები. სურათი გადავიღე, კურიერმა რომ მომიტანა გაჭრილი კონვერტი. გაჭრის გარდა იღებენ იმ ფურცლებს, რა საშიშროების შესახებაც ვწერდი, დამირეკა და ვიცოდი, რომ მდგომარეობა იყო რთული. მითხრა, რომ ჯერჯერობით "დავაცადოთ". თხოვნა იყო, მაგრამ თან აგრძნობინეს, რომ თუ არ შეიკავებ თავს, დაისჯები. ბევრი იკავებს თავს იმიტომ, რომ მერე ისჯებიან, - ამბობს ცარო ოშაყმაშვილი.
არჩილ მუსელიანცი გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებსა და სისტემურ პრობლემებზე წერს. მისი თქმით, პატიმრებს ხშირად უმიზეზოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გადატვირთულ საკარანტინო სივრცეში ათავსებენ, სადაც ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნია, მდგომარეობა კი განსაკუთრებით წვიმის დროს მძიმდება.
წერილში საუბარია სამედიცინო მომსახურების პრობლემებზეც. მუსელიანცის განცხადებით, ერთ-ერთ კორპუსს მხოლოდ ერთი ექიმი ემსახურება, რის გამოც ის პატიმრების დროულად გასინჯვას ფიზიკურად ვერ ასწრებს, საჭირო მედიკამენტების მიღებას კი ზოგჯერ რამდენიმე დღე სჭირდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური არჩილ მუსელიანცის მიერ გლდანის ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყება პატიმრის განცხადებებს „სიცრუეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბრალდებები პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა.