ქონების გადასახადის გადახდა 26 ათას გადამხდელს მოუწევს - პროექტი უკვე პარლამენტშია

28.09.26 16:09
ქონების გადასახადის გადახდა 26 ათას გადამხდელს მოუწევს - პროექტი უკვე პარლამენტშია


ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.

BPN-ის ცნობით, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

პროექტი გულისხმობს ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვარის დატოვებას.

„2025 წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით, ჯამურად იდენტიფიცირებულია - 107 ათასამდე გადამხდელი, რომელთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის ოდენობა შეადგენს 86.3 მილიონ ლარს.

მათ შორის, 81 ათასამდე გადამხდელი 100 000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირია (შესაბამისად, ცვლილებით მათ გადასახადის გადახდა აღარ მოუწევთ), რომელთა მიერ დარიცხული გადასახადი შეადგენს 22.3 მილიონ ლარს; ხოლო 26 ათასი გადამხდელს, 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი უფიქსირდება, რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი შეადგენს 64 მილიონ ლარს,“ - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ირკვევა ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით, ცვლილების შედეგად მიღებული დანაკარგი 2026 და შემდგომი სამი წლისთვის ჯამში, ყველა მუნიციპალიტეტისთვის შეადგენს წლიურად საშუალოდ 22.3 მილიონ ლარს.

მსგავსი სიახლეები