რაზმაძე გორდულაძისგან ითხოვს ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას
სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის სასამართლო პროცესი, რომელსაც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ედავებიან, მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15 ოქტომბრისთვის გადადო.
მანამდე კი პროცესი თავად აქტივისტმა დემონსტრაციულად დატოვა. შესაბამისად, სასამართლოზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს.
თორნიკე რაზმაძის თქმით, დღევანდელ პროცესზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ დაეზუსტებინა, რა გახდა მისი ადმინისტრაციული დევნის საფუძველი.
[არჩილ] გორდულაძე პირდაპირ ამბობს, რომ მე მედავებოდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას, მოსამართლეს ვთხოვე განმარტება და მან ცალსახად განმიმარტა, რომ არ მედავებიან სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფას, რაც არის 173-ე მუხლი. გორდულაძის ნათქვამი არის ტყუილი, თვითონ მიწოდა ამის გამო ცრუპენტელა და ესეც შეურაცხმყოფელი ფრაზა. გორდულაძეს მოვუწოდებ ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, იქიდან გამომდინარე, რომ თავად არის ცრუპენტელა, დღეს ეს დადასტურდა და თავად არის თანამდებობისთვის შეუფერებელი ადამიანი. ასეთი ადამიანი იურიდიული კომიტეტის საკითხთა თავმჯდომარედ არ უნდა მუშობდეს, - განაცხადა რაზმაძემ.
უწყების წარმომადგენლის თქმით კი, კომენტარები, რომლებიც თორნიკე რაზმაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა, სამთავრობო გუნდის შეურაცხყოფა იყო.
შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა სამთავრობო გუნდის მიმართ, რის გამოც მის წინააღდმდეგ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საქმეში წარმოდგენილია როგორც მტკიცებულებები დათვალიერების თაობაზე, კონკრეტული კომენტარის, ასევე იდენტიფიკაციის ოქმები და ასევე სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს რაზმაძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას. ბატონი თორნიკე დღეს სასამართლოზე გამოცხადდა, იშუამდგომლა ადვოკატის ჩართვა საქმეში და განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული, თუ რას ედავებოდა შსს. აღნიშნული განცხადება უცხო იყო ჩვენთვის, ვინაიდან და რადგანაც მან მთელი კამპანია ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, რუსეთის წარმომადგენლის გინების და შეურაცხყოფის გამო ედავებოდა შსს, მან ზუსტად იცოდა, რას ედავებოდა მას შსს, იცნობდა ყველა მტკიცებულებას, რაც საქმეში იყო და მან საზოგადოებაზე ემოციურად ითამაშა იმისთვის, რომ ხმაური შეეძინა თავისი საქმისთვის, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
- ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
- მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.
რა თქვა არჩილ გორდულაძემ თორნიკე რაზმაძეზე:
"არის გავრცელებული ინფორმაცია, არის მისი "პოსტი". ამ "პოსტში" არის მის მიერ გამოხატული ლანძღვა-გინება, საჯარო შეურაცხყოფა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ. ეს არის ქართული კანონმდებლობის მიხედვით დასჯადი, გაცილებით უფრო რბილად და მსუბუქად, ვიდრე ეს არის მაგალითად, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, თუ საფრანგეთში. ახლა, როდესაც მართლმსაჯულებამ თორნიკე რაზმაძეს მიაკითხა, იგი ცდილობს, რომ გაექცეს მართლმსაჯულებას, პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს. ასეთი ტყუილები სულ რამდენიმე წუთში მხილებული არის ხოლმე. ეს ადამიანი უბრალოდ, ცრუპენტელობას ვერ მოეშვა,"- განაცხადა გორდულაძემ.