საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშის პასუხი ცნობილია

29.09.26 18:10
საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშის პასუხი ცნობილია

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის  370 ნიმუშში  დარღვევა არ გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ უწყება საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს.

"ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი-  ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყება წერს, რომ მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები  და სასმელი წყალი. კვლევა  ხორციელდება ისეთ  მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

 დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. 

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო. 

 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-მდე აღსაზრდელი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. 

ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.

მსგავსი სიახლეები