გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია - ადვოკატი

29.09.26 20:36
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია - ადვოკატი

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს აუკრძალა რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია და დეპორტაცია - ინფორმაციას ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილზე დაყრდნობით "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

მჭედლიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნება და სახელმწიფომ ის უნდა გაითვალისწინოს.

„გაეროს კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა შეჩერდეს ყველა პროცედურა - ექსტრადიცია და დეპორტაცია - სანამ საქმის განხილვა კომიტეტში არ დასრულდება“, - ამბობს მჭედლიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია 4 სექტემბერს დასაშვებად ცნო, 18 სექტემბერს კი ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო.

რუსეთის საგამოძიებო უწყებები საქართველოში პატიმრობაში მყოფ ტიმოფეევს დაახლოებით 20 წლის წინ ჩადენილ დანაშაულებს ედავებიან. 

ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორის თანაშემწეს, მიხაილ ტიმოფეევს, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში სასჯელის მოხდა იმ ციხეში ემუქრება, სადაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს. „პირველებთან“ ინტერვიუში ტიმოფეევის ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ 60 წლის კაცის რუსეთისთვის გადაცემა დაუშვებელია, რადგან ის სამშობლოში პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.

მისივე თქმით, ტიმოფეევისთვის რუსეთში პატიმრობა შესაძლოა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყოს. ოჯახის ახლობელი აცხადებს, რომ თბილისის სასამართლომ მისი პოლიტიკური დევნის შესახებ არსებული გარემოებები უგულებელყო და ექსტრადირების გადაწყვეტილებას „ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს“ უწოდებს.

მსგავსი სიახლეები