166-ე სკოლა გაზაფხულზე დაინგრევა - ახალი სკოლის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია
ხმაურიანი შეხვედრა დიდუბის გამგეობაში - 166-ე სკოლის წარმომადგენლებს, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.
მშობლებისა და მასწავლებლების მოთხოვნაა დაუყოვნებლივ დაიწყოს სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაცია.
თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა რევაზ სოხაძემ მშობლებს უთხრა, რომ გაზაფხულზე შენობა დაინგრევა. ახალი სკოლის დასრულების თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია.
მათ ავუხსენით, რომ პროექტი უკვე მზადდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება გამზადებული, დასრულებული პროექტი და უკვე გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას და სამუშაოებიც, სავარაუდოდ, გაზაფხულის მიწურულს დაიწყება.
ის მოცემულობა, რაც არის 166-ე სკოლასთან დაკავშირებით არის ის, რომ აქ უნდა აშენდეს ახალი სკოლა. მართალია, რომ პროცესი გაჭიანურდა, უკვე ორწელიწად-ნახევარია ეს პროცესი მიდის, თუმცა ჩვენ ის თარიღები, რომლებიც დავასახელეთ ამაზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ“, - განაცხადა რეზი სოხაძემ.
ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისში, წერეთლის გამზირზე, 166-ე საჯარო სკოლასთან აქცია მიმდინარეობს.
მშობლები და მასწავლებლები, შენობას რეაბილიტაციას ითხოვენ და დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან.
მათი თქმით, უკვე სამი წელია მოსწავლეები და მასწავლებლები ორ სკოლაში – 155-ე და 24-ე საჯარო სკოლებში არიან განაწილებული.