21-ე სკოლაში შესასრულებელი სამუშაოებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო დროებითი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად გამარტივებული შესყიდვით სამშენებლო მომსახურებას ყიდულობს.
"ნეტგაზეთმა" დაწერა, რომ სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
მუნიციპალური განვითარების ფონდის 29 სექტემბრის ბრძანებაში წერია:
„N21-ე საჯარო სკოლის შენობის ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დასრულების უზრუნველსაყოფად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (CPV- 454 00000) განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.
ხელშეკრულება ფორმდება შპს „ინსი-სთან“. ბრძანება ხელმოწერისთანავე ამოქმედდა.
უწყება განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება განაპირობა სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილმა გარემოებებმა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულმა რეკომენდაციებმა.
„ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში სასწავლო პროცესი 2026 წლის 28 სექტემბრიდან განახლდა, რის გამოც აუცილებელი გახდა შენობის უსაფრთხო დროებითი ექსპლუატაციისთვის საჭირო ღონისძიებების უმოკლეს ვადაში განხორციელება“, – წერია დოკუმენტებში.
ფონდი ამბობს, რომ საჭირო ღონისძიებების დროულად განუხორციელებლობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქალაქ თბილისის №21 საჯარო სკოლის შენობის უსაფრთხო ექსპლუატაციას და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, ასევე შექმნას მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
ვითარების აღმოსაფხვრელ ვადად მითითებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვე. (05.10.2026-05.02.2027)