გომელაურის ჩვენება არის სირცხვილი, მისსა და მამუკა ბახტაძის ჩვენებას შორის არსებითი წინააღმდეგობაა - გახარიას ადვოკატი
გიორგი გახარიას ადვოკატი ვახტანგ გომელაურის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას "სირცხვილს" უწოდებს - ბერდია სიჭინავას თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნის ჩვენება, რომელიც 2019 წელს სუს-ის უფროსი იყო "უკიდურესად სირცხვილია" თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, რადგან სუს-ის მაშინდელი უფროსი ამ ჩვენებით ამტკიცებს, რომ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესის შესახებ თავად სუს-მა არ იცოდა არაფერი.
უფლებადამცველი ასევე საუბრობს ერთ მნიშნელოვან დეტალზე - ბერდია სიჭინავას თქმით, ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ჩვენებასა და ვახტანგ გომელაურის ჩვენებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა.
"დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ მამუკა ბახტაძის მიერ მიცემული ჩვენება უფრო სანდოა, ვიდრე ბატონი გომელაურის" - ამბობს ბერდია სიჭინავა.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ მიცემული ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, იმ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორია უმთავრეს უსაფრთხოების გამოწვევად აქვს ქვეყანაში და სწორედ ვახტანგ გომელაური არის ის პირი, რომლის ჩვენების დასამალადაც დაიხურა სასამართლო პროცესები პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ მიცემული ეს ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი და ზუსტად ამ ჩვენების დასამალად დაიხურა ეს პროცესი. არცერთ შეკითხვაზე ბატონ გომელაურს პასუხი არ ჰქონდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა როგორ არ შეიძლება იცოდეს ინფორმაცია ქვეყანაში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესის შესახებ, როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ექვსი წლის თავზე აღმოაჩინოს, რომ ეს დანაშაულია და როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ამის შემდეგ, რაც ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვა ხდება, აღმოჩნდეს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში მის მინისტრთა კაბინეტში.
გომელაურმა განაცხადა, რომ მან საპოლიციო საგუშაგოს აგების შესახებ შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ საპოლიციო საგუშაგო აღიმართა. ეს ადამიანი ყველაფერზე ლაპარაკობს და თან არაფერზე ლაპარაკობს, ვერ გაექცა იმ ფაქტს, რომ 2019 წლის იანვრიდან კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაბამისი მონიშვნები არსებობდა.
მის ჩვენებებსა და მამუკა ბახტაძის ჩვენებას შორის არის არსებითი წინააღმდეგობა. ეს არის არადამაჯერებელი, არათანმიმდევრული ინფორმაცია, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია საკუთარ ჩვენებაშივე მიცემული. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ მამუკა ბახტაძის მიერ მიცემული ჩვენება უფრო სანდოა, ვიდრე ბატონი გომელაურის, რომელმაც ეს ინფორმაცია დამახინჯებული სახით მიაწოდა თავის დროზე გამოძიებას და დღეს არსებითი განხილვის დროს სცადა ამის გამოსწორება, თუმცა ძალიან უნიჭოდ.
ეს არის უკიდურესი სირცხვილი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დგას ვახტანგ შაქარაშვილის, ნანა კაკაბაძის, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი “ფეიკ” ორგანიზაციის თუ პარტიის დონეზე. ამ სისტემამ ასე დაამცირა დღეს გომელაური, რომ ვახტანგ შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის გვერდით დააყენა.
აუცილებლად მოვა დრო, რომ ჩორჩანას საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდება, ხელახლა დაიკითხებიან ეს მოწმეები და ყველა მათგანს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ მისცა ეს ჩვენებები, ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება.
ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის პროცესი და საოკუპაციო ხაზის მიმართულებით პოლიტიკა ჩორჩანასთან დაკავშირებით 2019 წლის იანვრიდან მუშავდებოდა, 2019 წლის იანვარში სუს-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დააფიქსირა ასეთი ტიპის მონიშვნები და იქ ოპერატორული დამუშავება, რეკოგნისირება მიდიოდა ამ ტერიტორიისა და იქ არსებული პოლიტიკის, თუმცა დღეს ვახტანგ გომელაური პირდაპირ ამბობს, რომ 24 აგვისტომდე არ იცოდა და საოკუპაციო ხაზის წარმომადგენლებისგან ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ოკუპირებულ ქვეყანაში სუსის უფროსმა საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
პროკურატურა ირწმუნება, რომ ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძისა და ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ჩვენებას შორის არანაირი ცდომილება არ ყოფილა.
"არავითარი ცდომილება არ ყოფილა, ამ შემთხვევაში მოწმემ კატეგორიულად ისაუბრა 2019 წლის 24 აგვისტომდე განვითარებულ მოვლენებზე, რომ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია[გახარიასთან]. აღნიშნული ჩვენება დაადასტურა მათ შორის, მამუკა ბახტაძემაც, რომ მასთან [გახარიასთან] არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. რა ცდომილებაზე საუბრობს დაცვის მხარე, ვერ გეტყვით. ორივე მოწმე იყო კატეგორიული, როგორც პრემიერ-მინისტრი 2019 წლის მდგომარეობით - მამუკა ბახტაძე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მათ არ გააჩნდათ.
ვახტანგ გომელაურმა სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ინფორმაციაში ბრძანა, რომ გზის გაყვანის სამუშაოები ავტომატურად საგუშაგოს ჩადგმას არ მიუთითებს. მოწმემ განაცხადა, რომ გზის გაყვანის სამუშაოები ერთჯერადი არ იყო და მრავალჯერადად, სხვადასხვა სივრცეში ხორციელდებოდა, ხშირად, აღნიშნულის მიზანი მოძრავი პატრულის გადაადგილება, ასევე მოსახლეობისთვის გარკვეული კომფორტის შექმნა იყო. ასევე, მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად პატრულირებს და გადაადგილდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გზის არსებობა კი მნიშვნელოვანი გარემოება იყო. რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიგო საგუშაგოს აღმართვის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ეს უწყებამ მაშინ გაიგო, როდესაც საგუშაგოს აღმართვა დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სწორედ ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო. ეს ჩვენება თანხვედრაშია კიდევ ერთი მოწმის ჩვენებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის ჩვენებასთან", - განაცხადა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.