ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა - მასუდ ფეზეშქიანის განკარგულება
რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის განკარგულებით, ოთხშაბათიდან, 2026 წლის 30 სექტემბრიდან, ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.
ჯერ ცნობილი არ არის, უფრო კონკრეტულად რას ნიშნავს ძვირადღირებული ავტომობილი და როგორი იქნება საფასო შეზღუდვა.
- როგორც ირკვევა, თეირანი ამ ნაბიჯით მიზნად ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების შეჩერებას ისახავს. არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების გადაწყვეტილების მიზეზი იყო ისიც, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქუჩებში ძვირად ღირებული მანქანების გამოჩენამ საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია.
ირანში მანქანებს ძირითადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან ყიდულობენ. სტატისტიკაში მეორე ადგილზე თურქეთია. საქართველო ირანის მანქანების საიმპორტო ქვეყნების ათეულშიც კი არ შედის.
2026 წლამდე არც ირანი ყოფილა საქართველოს მანქანების საექსპორტო ათეულში. წელს კი - 8 თვის განმავლობაში - საქართველოდან ირანში 129.2 მილიონი ლარის ღირებულების 7360 მანქანა გაყიდეს.
- შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 30 სექტემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს „სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით“.
- საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს „განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს“.
- ალი მოჯანის პოსტები, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, ეხებოდა ქეთევან დედოფალს, ფერეიდნელებს, საქართველოს გადაწყვეტილებას, შეერთებოდა ამერიკულ სანქციებს ირანული ავიაციისადმი, და ა.შ.