Rapporteur: ევროკავშირი ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას მხარს არ უჭერს
გამოცემა Rapporteur-ის ცნობით, ევროკავშირი მხარს არ უჭერს ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას - ეს განცხადება დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ კვიპროსის გარდა ალტერნატიულ კანდიდატს ევროკავშირი არ განიხილავს.
ამ დროისთვის კვიპროსი ერთადერთი ოფიციალური კანდიდატია და მას ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს, თუმცა Rapporteur დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი მის კანდიდატურას ბლოკავს.
თუ თურქეთი კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას განაგრძობს, ლუგანოში შესაძლოა საქართველოს განაცხადი განიხილონ, როგორც ალტერნატიული ვარიანტი.
მიუხედავად ამისა, ამ იდეას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის წინააღმდეგობაც ახლავს თან. დიპლომატების თქმით, განსაკუთრებით უარყოფითად განწყობილნი არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, რაც უკავშირდება შეშფოთებას თბილისსა და ევროკავშირს შორის გართულებული ურთიერთობებისა და რუსეთის მიმართ საქართველოს მიდგომების გამო.
მაღალი რანგის დიპლომატმა გამოცემა Rapporteur-ს განუცხადა, რომ სერბეთიც განიხილავს 2027 წლის თავმჯდომარეობისთვის კანდიდატურის წამოყენებას; თუმცა, ბელგრადის მხრიდან ასეთმა ნაბიჯმა შესაძლოა გააღრმავოს ბრიუსელის წინაშე არსებული დილემა, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობებისა და ომის დამნაშავე რატკო მლადიჩის დაკრძალვასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე.
ბუნდოვანი რჩება რუსეთის პოზიციაც საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. მოსკოვს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, რუსული ჯარები კი კვლავ ახდენენ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის — ოკუპაციას.
ცნობილია, რომ ქართული ოცნება ეუთოს წევრ 57 ქვეყანასთან საკუთარი კანდიდატურის წარდგენას მაინც გეგმავს. ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხი საბოლოოდ დეკემბრის დასწაყისში ლუგანოში დაგეგმილ მინისტერიალზე გადაწყდება.
„თბილისისთვის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვან დიპლომატიურ პლატფორმას შექმნიდა იმ დროს, როდესაც მისი ურთიერთობები ევროკავშირთან და დასავლეთის ქვეყნების რამდენიმე მთავრობასთან გაუარესებულია. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია მისი დემოკრატიული ტრაექტორიისა და მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობების გამო მუდმივი კრიტიკის ფონზე. შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღია 3-4 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრა ლუგანოში, სადაც ორგანიზაციის წევრები შეიკრიბებიან შვეიცარიის 2026 წლის თავმჯდომარეობის დასკვნით ღონისძიებაზე“, – წერს Rapporteur.