მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცეს

30.09.26 20:23
 მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცეს

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა - დაჯილდოების ცერემონია დღეს, 30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პოლონეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი.

"ბათუმელების" ცნობით, დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა თავად ლეხ ვალენსაც.

პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ნაცვლად დაჯილდოვების ცერემონიაში მონაწილეობდა „ბათუმელების“ წარმომადგენელი ირმა დიმიტრაძე - ჯილდო მას საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გადასცა.

ამაღლობელს ეს ჯილდო, რომელიც პოლონელი ანტი-საბჭოთა დისიდენტის სახელობისაა, გადაეცა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის აღიარების ნიშნად.

  • ცნობილი პოლონელი პოლიტიკოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცემათ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების ხელშეწყობასა და დაცვაში და რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის სულისკვეთებით მოქმედებენ დემოკრატიისა და თავისუფლების გასაძლიერებლად მსოფლიოში.

მზია ამაღლობელი წელიწადი და 8 თვეა პატიმრობაში. მას 2-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.

 

მსგავსი სიახლეები