ფილიპო სენსი: "ოცნებასთან" ურთიერთობის ნორმალიზებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ

03.10.26 10:32
ფილიპო სენსი: "ოცნებასთან" ურთიერთობის ნორმალიზებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ

გაგრის აღების დღეს, იტალიის სენატში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი – დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარების კამპანიის ნაწილია. ფილმი საარქივო მტკიცებულებებსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლთა ისტორიებს აერთიანებს.

ფილმის ერთსაათიანი ჩვენების შემდეგ, დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო იტალიის როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა: Azione-ს სენატორმა მარკო ლომბარდომ; მმართველი Fratelli d’Italia-ს დეპუტატმა და პარტიის პროგრამის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფრანჩესკო ფილინიმ და "დემოკრატიული პარტიის" სენატორმა ფილიპო სენსიმ.

ფილიპო სენსიმ განაცხადა, რომ "საქართველომ დასავლეთის დუმილისა და დანაშაულებრივი გულგრილობის ფასი გადაიხადა".

მან ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე და თქვა, რომ "ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის ნორმალიზებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ".

საქართველომ დასავლეთის დუმილისა და დანაშაულებრივი გულგრილობის ფასი გადაიხადა. დიდხანს გვეგონა, რომ რუსეთთან ურთიერთობას ეკონომიკის საფარქვეშ გავატარებდით. გვეგონა, რომ ეკონომიკურ დონეზე ურთიერთობა შეგვეძლო, რადგან მეორე – პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარე იმდენად აუტანელი იყო, მასზე საუბარიც გვიჭირდა.

ამიტომ ვამბობდით: "მოდით, მათთან ბიზნესი ვაკეთოთ და ასე ჩვენს სამყაროში მოვიზიდავთ." ამან არა მხოლოდ არ იმუშავა, არამედ გზა გაუხსნა. მათ კი სწორედ ეს სურთ.

ქართულ ოცნებასთან ურთიერთობის ნორმალიზებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალიზებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ჟურნალისტები, აქტივისტები, პროფკავშირის წარმომადგენლები და პარტიის ლიდერები უკვე ასობით დღეა, ყოველ ღვთისგან ბოძებულ დღეს რუსთაველის გამზირზე გამოდიან. ამიტომ ამ ქართულ რეჟიმთან არავითარი ნორმალიზება არ შეიძლება".- ამბობს იტალიის დემოკრატიული პარტიის სენატორი ფილიპო სენსი რომის სენატში გამართული დისკუსიისას.

ფილმი მომზადებულია თავისუფლების ინსტიტუტის, პარტია ფედერალისტების, აფხაზთა კრებისა და ტაბულას ორგანიზებით. 

მსგავსი სიახლეები