ე.წ. "ქურდული გარჩევები" - "ცრემლას", "ჩერმენას", "პუპსიკას", "გრიალოს" და კიდევ 90 პირს ბრალი წარედგინა
"ქურდული გარჩევები" ე.წ. კანონიერი ქურდის მფარველობით - საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე "ცრემლას", "ჩერმენას", "პუპსიკას", "გრიალოს" და 90 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 80 პირი თელავში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, ქუთაისში, სამტრედიაში, ლენტეხში, გურიაში, ქობულეთში, ბათუმში, და ხელვაჩაურის რაიონში დააკავეს, 7 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 7 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის სახელითა და მფარველობით, მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ. ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223-ე კვარტა პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია პროკურატურის ინფორმაციაში.
დაკავებულები ახლა იზოლატორებში ადვოკატები შესვლას ელოდებიან - "პირვლების" ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულთან, მირიან დენოსაშვილთან ამ წუთებში შევიდა უფლებადამცველი. დენოსაშვილს თელავში, სოფელ კისისხევში, მის საცხოვრებელ სახლში დაადეს ხელბორკილები გვიან ღამით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც იშიფრება და დგინდება მისი კავშირი საზღვარგარეთ "მყოფ კანონიერ ქურდ" გიორგი გოგოლაძესთან.