მამუკა ფიფია "გეორგიევსკის ბატალიონზე" ახალ ცნობებს ავრცელებს
პრორუსმა ბიზნესმენმა, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერმა და აწ უკვე ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა მამუკა ფიფია. СОЛОВЬЁВ LIVE-ის ეთერში, პროპაგანდისტი ანდრეი კლინცევიჩის გადაცემაში "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ილაპარაკა და თქვა, რომ "ახლო მომავალში ბიჭები რეზულტატს აჩვენებენ".
ფიფიამ ანდრეი კლინცევიჩს გეორგიევსკის ბატალიონისგან საჩუქარად გადასცა დროშა, რომელიც პროპაგანდისტული გადაცემის ეთერში გაშალა.
დროშაზე ჩანს გეორგიევსკის ტრაქტატზე დასმულ ბეჭედზე გამოსახული გერბი, რომელიც ბაგრატიონთა საგვარეულოსა და რუსეთის იმპერიის სიმბოლიკის გაერთიანებაა.
- უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პუტინისტი მამუკა ფიფია ირწმუნება, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის "ინტერნაციონალური" ქვედანაყოფი გეორგიევსკი ახლო მომავალში საკუთარ თავზე გამოაცხადებს
მსურს გადმოგცეთ საჩუქარი გეორგიევსკის ბატალიონისგან. ინტერნაციონალური ბატალიონი... ვფიქრობ, ახლო მომავალში ბიჭები საკუთარ თავზე გამოაცხადებენ და გვაჩვენებენ რეზულტატებს, როგორც იტყვიან ხოლმე. მე სამხედრო თემატიკაში არ ვძვრები. მთხოვეს გადმომეცა მთავარი, ჭეშმარიტი სუვეროველისთვის, მთავარი სამხედრო ანალიტიკოსისთვისა და ექსპერტისთვის. საქართველოში ძალიან სერიოზულად გიყურებენ." - უთხრა ფიფიამ კლინცევიჩს.
ფიფია ასევე შეეხო დიდი ბრიტანეთის სანქციებს და თქვა, რომ ამით მას ვერაფერს დააკლებენ.
"ხედავენ ჩვენი გუნდის დიდ აქტიურობას. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგებას... როგორც ჩანს ხედავენ საფრთხეს. უბრალოდ შური იძიეს... ვერანაირ ზიანს ვერ მოგვაყენებენ. აბსოლუტურად ვერანაირს. გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით. ამის გვჯერა. ჩვენი საქმე ჭეშმარიტია და ამას გავაგრძელებთ. ვაკეთებთ იმას, რასაც აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს...
პრორუსმა ბიზნესმენმა გადაცემაში ასევე ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტზე თბილისში.
მან გააკრიტიკა აზერბაიჯანის საგარეო უწყების სიტყვები, რომელიც საპატრიარქოს განცხადებას მოჰყვა. ფიფიამ მადლობა გადაუხადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქ შიო III-სთან დელეგაციის გამოგზავნისთვის. მისი მტკიცებით, ეს მხარდაჭერის სიგნალი იყო.
მადლობა ღმერთს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, მხარი დაგვიჭირეს. ვხედავთ, ვგრძნობთ. ძალიან დიდი მადლობა რუსულ მხარეს, რუსეთის პატრიარქს, რომ არსებობს ეს ძმური და თბილი მხარდაჭერა." - თქვა ფიფიამ.
სანქცირებული ფიფიას თქმით, საქართველოს ჯარი ცუდ ვითარებაშია და საჭიროა რუსეთთან მოკავშირეობის მიმართულებით წინსვლა.
"ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერა ყველა მხრიდან იქნება, რადგან ამჟამად... თითქოს 34 წელი ვიტრიალეთ... და საბოლოოდ არ გვაქვს არმია... ყველაზე მცირერიცხოვანია, ყველაზე ცუდად შეიარაღებული. არსებობს მრავალი პრობლემა არმიაში - მუდმივი სკანდალები კორუფციაზე და ა.შ. ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები? არ გვესმის. თითქოს ყველასთან ვართ და საბოლოო ჯამში არავისთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ განცხადება, რომ ქართულმა მხარემ სასწრაფოდ უნდა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა და იმოძრაოს რუსეთთან მოკავშირეობის მიმართულებით." - თქვა ფიფიამ.