"ფაიზერით" რეგისტრაციის საბუთი ფულის სანაცვლოდ - დაკავებული არიან ექიმი და კლინიკის დირექტორი

03.12.21 14:23
"ფაიზერით" რეგისტრაციის საბუთი ფულის სანაცვლოდ - დაკავებული არიან  ექიმი და კლინიკის დირექტორი

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე  #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ლია გოგლიძე  და ამავე ცენტრის ექიმი, ლია სულაძე დააკავეს. 


გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა   კონკრეტული თანხის სანაცვლოდ,  დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები.


უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
 

მსგავსი სიახლეები