უპრეცედენტო, 572 მილიონი ლარიანი ჯარიმა - BitXchange-მა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა 572 033-ჯერ დაარღვია
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კრიპტო გაცვლის კომპანია BitXchange-ი საქართველოს საფინანსო სისტემაში უპრეცედენტო მასშტაბის ჯარიმით - 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიამ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კანონმდებლობა 572,033-ჯერ დაარღვია.
ირკვევა, რომ კომპანიას ევალებოდა აღერიცხა და მისი მომხმარებლების ვერიფიცირება მოეხდინა, თუმცა 572,033 შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა, რის გამოც მას თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარის ჯარიმა გამოეწერა. გარდა ამისა, კომპანიამ საერთაშორისო ფინანსური სანქციების რეჟიმის მოთხოვნებიც დაარღვია.
"განხორციელდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ 404595121) დაჯარიმება 572 118 000 (ხუთას სამოცდათორმეტი მილიონ ას თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ:
2 (ორ) შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენა, რომლისთვისაც „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის №133/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (2026 წლის 24 აგვისტომდე მოქმედი რედაქციის შესაბამისად; შემდგომში - „ჯარიმის წესი“) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა, შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ვადაგადაცილებით ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 6 000 (ექვსი ათასი) ლარი;
პროვაიდერის მხრიდან 572 033 (ხუთას სამოცდათორმეტი ათას ოცდაცამეტ) შემთხვევაში დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „კანონი“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, პირებს (მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედ პირებს) მომსახურება გაეწია კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 572 033 000 (ხუთას სამოცდათორმეტი მილიონ ოცდაცამეტი ათასი) ლარი;
პროვაიდერის მხრიდან 2 (ორ) შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საეჭვო გარიგების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს ჯარიმას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ჯამურად ჯარიმამ შეადგინა 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი;
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 13 ივნისის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, პროვაიდერმა ვერ უზრუნველყო შესრულებული ოპერაციების სისტემაში აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა, აღრიცხულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების ე.წ. „ლოგირება“, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათავო ოფისიდან შესაბამისი ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს პირების/ვირტუალური აქტივის მისამართების ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა/ვირტუალური აქტივის მისამართების სიებში, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემის, რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/უჩვეულო ტრანზაქციების ავტომატურ რეჟიმში გამოვლენას განაწილებული აღრიცხვის ტექნოლოგიის (DLT) საფუძველზე არსებული ინფორმაციის დამუშავებით, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით;
შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთა ჯგუფისთვის ხელის შეშლა, რამაც გამოიწვია შემოწმების განხორციელების შეფერხება. კერძოდ, აქტში ასახული არასწორი/მცდარი და არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებამ გამოიწვია შემოწმების ვადის გახანგრძლივება და შეაფერხა შესასწავლი კლიენტების შერჩევისა და მათი ოპერაციების ანალიზის პროცესი, რაც, ჯარიმის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, ითვალისწინებს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.