ჟურნალისტური გამოძიება: „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელს უთხრეს, რომ „ყეინიშვილს ხელს ვერ ახლებდნენ“ - სუს-ს ჩანაწერი 2 წლის წინ გადასცეს
"რადიო თავისუფლებამ" გამოაქვეყნა ვრცელი გამოძიება, სადაც გაიგებთ როგორ არღვევდა წლები კანონს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი, როგორ სთხოვდა ის ბიტექსჩეინჯის მმართველებს წილების დათმობას, სანაცვლოდ კი მფარველობას და კონკურენტების მოშორებას ჰპირდებოდა.
ჩანაწერი, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა 2024 წლის 19 ივლისს ნანა ყენიშვილის ავლაბარში მდებარე სახლში არის ჩაწერილი. შეხვედრას ყეინიშვილის შვილი და სიძე - „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, და ალექსანდრე თორია ესწრებიან. თორია იმ დროს ეროვნული ბანკის შტატგარეშე იურისტია.
სტუმრები, დავით ორჯონიკიძე და ნინო ქოპილაშვილი, კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“დამფუძნებელი და დირექტორი ყეინიშვილთან ფარული აუდიოჩამწერით მივიდნენ - სუს-თან შეთანხმებით უნდა მოიპოვონ მტკიცებულება, როგორ ითხოვს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრი მათგან ბიზნესის წილს.
ჩანაწერში ისმის, როგორ სთხოვს ყეინიშვილი ბიზნესმენს ახალი კომპანიის შექმნას და თავდაპირველად 50 %-ის, შემდეგ კი 49% მისი სიძის სახელზე გაფორმებას. სანაცვლოდ მფარველობას, კონკურენტების ჩამოშორებას და სწრაფად გამდიდრებაში დახმარებას ჰპირდება. ფარული ჩანაწერის ოთხივე საათი ბიტექსჩეინჯის მფლობელებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. მიიღეს დაპირება, რომ ყეინიშვილი აღარ შეაწუხებდათ.
გავიდა ორი წელი - ყეინიშვილი კვლავ თანამდებობაზე იყო, ახალგაზრდა წყვილის კომპანია ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდით დააჯარიმა, მათ ქვეყანა დატოვეს.
რა (არ) მოხდა ჩანაწერის სუს-ისთვის გადაცემის შემდეგ:
ყეინიშვილთან საუბრის ჩანაწერი დავით ორჯონიკიძემ სუსს 2024 წლის 21 ივლისს გადასცა. ყეინიშვილი არ ჩერდება - ის კვლავ ითხოვს წილს “ბიტექსჩეინჯში”; ორჯონიკიძე, რომელსაც სუსის იმედი აქვს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს მოკლე ტექსტური შეტყობინებას უგზავნის - წერს, პირადი საკითხების გამო თქვენთან თანამშრომლობას ვერ შევძლებო.
გადის თვეები. ყეინიშვილი პოსტზე რჩება და კვლავ ცდილობს „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელთან დაკავშირებას. ორჯონიკიძე სუს-ში მის ნაცნობთან არკვევს, რა ხდება. ამბობს, რომ მიანიშნეს, რთული პოლიტიკური კონტექსტიაო: ახლოვდება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ეროვნულ ბანკს მმართველი საბჭოს წევრები ისედაც აკლია. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებასთანაა დაპირისპირებული. თუ ყეინიშვილის ბრალდებას წარუდგენენ, ზურაბიშვილი ახალ წევრს არ წარადგენსო. ორჯონიკიძის თქმით, სუს-ის თანამშრომელი პირად საუბარში ეუბნება, რომ იმ მომენტში „ყეინიშვილს ხელს ვერ ახლებდნენ“. მოგვიანებით მას ტექსტური შეტყობინება მისდის - სუსის თანამშრომელი წერს, რომ ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მათი კომპეტენცია არ არის.
2025 წლის სექტემბერში სუს-ის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაინიშნა - "რადიო თავისუფლების" გამოძიების თანახმად, "ბიტექსჩეინჯმა“ ოფიციალური წერილი გააგზავნა სუს-ში მამუკა მდინარაძის სახელზე. წერილში დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ მოსთხოვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა მას ბიზნესის წილი. იქვე წერია, რომ ყეინიშვილი კანონს არღვევს და ფარულად მართავს საფინანსო კომპანიებს. წერილი უპასუხოდ დარჩა.
"რადიო თავისუფლება" ყეინიშვილთან დაკავშირებული კომპანიებზეც წერს - ესენია:
- №1. „ვიპ ფეი“ (VIP Pay)
- №2 მულტიპრაიმი (ყოფილი მულტიფეი)
- №3 შპს „მანი ექსჩეინჯ პლიუსი“
- №4? შპს „კრიპტო ექსჩეინჯი“
ვრცლად "რადიო თავისუფების" გამოძიება იხილეთ აქ: