სავარაუდო ძალადობა სამოქალაქო აქტივისტზე - ყანჩელის თქმით, პოლიციელებიდან უმეტესობა 25 წლამდე ასაკის იყო
სერგეი ყანჩელი, რომელიც პოლიციას სექსუალური ძალადობის მუქარასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს, "პირველებს" ეუბნება, ექვსი სამართალდამცველიდან ხუთი 25 წლამდე ასაკის იყო.
სამოქალაქო აქტივისტის თქმით, თავდაპირველად ის ერთმა პოლიციელმა გააშიშვლა კუკიის სასაფლაოზე, ხოლო დანარჩენები შემდეგ მივიდნენ.
მიზეზი, რის გამო დაიწყო ეს ყველაფერი არ ვიცი, უბრალოდ უნდოდათ ჩემი ტელეფონის გახსნა. იმენად ხშირად ხდებოდა ჩემი ჩხრეკა ბოლო ერთი თვის პერიოდში, არც არაფერი არ ვკითხე. სახები დავიმახსოვრე. თავიდან ვინც ერთი პოლციიელი იყო სასაფლაოზე შემოსული, გამაშიშვლა და მითხრა, რომ მხოლოდ მაისური და შორტები ჩავიცვა. შიშველი ვიყავიდ ა დაიწყო ვიღაცასთან რეკვა და ჩემზე საუბარი - გავაჩერეთ ვირაცა ადამიანი და უნდა დავაკავოთო, ვიღაცა უფროსს ელაპარაკებოდა.6 პოლიციელიდან 5 იყო 25 წლამდე, ერთ-ერთი ალბათ 27 წლამდე იყო. ერთი იყო ცოტა უფროსი, ყველაზე პატარა 15 წლის ბავშვს ჰგავდა, რომელიც მეუბნებოდა გაიქეციო", - ამბობს სერგეი ყანჩელი.
სერგი ყანჩელმა გამოძიებას გუშინ სრული ინფორმაცია მიაწოდა პოლციიელების მხრიდან მასზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შესახებ - სამოქალაქო აქტივისტი ექვსი საათის განმავლობაში დისტანციურად იკითხებოდა.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.