"სია გაფართოვდება" - მამუკა ფიფია ამბობს, რომ რუსეთი სხვა ქართულ კომპანიებსაც დაუწესებს იმპორტზე აკრძალვას
პრორუსი ბიზნესმენი, მამუკა ფიფია ამბობს, რომ რუსეთი სიის გააფართოებას აპირებს და ქვეყანაში იმპორტს კიდევ სხვა ქართულ კომპანიებსაც აუკრძალავს.
- ოკუპანტმა რუსეთმა ქვეყანაში ქართული ღვინის და მინერალური წყლების შეტანა აკრძალა.
ფიფია ამბობს, რომ ამ ეტაპზე შავ სიაში დაახლოებით შვიდი კომპანიაა - "თუმცა იქნება კიდევ მეორე და მესამე ტალღა".
ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ჯერ კიდევ 13 ივლისს განვაცხადე, რომ არის წითელი სია და სამწუხაროდ უკვე ამ წითელი სიიდან 7 კომპანია უკვე დასანქცირებულია. იქნება კიდევ მეორე და მესამე ტალღა და სამწუხაროდ, ამ სიას კიდევ დაემატა სხვა კომპანიები", - აცხადებს მამუკა ფიფია.
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს.
აკრძალვა შეეხოთ შემდეგ კომპანიებს:
- „თელიანი ველი“;
- „თბილღვინო“;
- „ძმები ასკანელები“;
- „ვაინმენი“;
- „ქართული ლუდის კომპანია“;
- „კოკა-კოლა“;
- „ნაბეღლავი“.
დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით“
მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის უვნებლობის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკვები პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის ან საბაჟო კავშირის სხვა მოთხოვნებს, რომლებიც მათზე ვრცელდება, ექვემდებარება მიმოქცევიდან ამოღებას ეკონომიკური ოპერატორის მიერ დამოუკიდებლად ან საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ბრძანებით: „თუ დადგინდება ამ წერილში მითითებული შესაბამისი საკვები პროდუქტების არსებობა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები მათი მიმოქცევიდან ამოსაღებად“