გამოვლენილია ორ დღეში შექმნილი 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომელიც "ოცნების" ლიდერების მოსაწონებლად შეიქმნა - კვლევა
კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომლის ანგარიშების უმრავლესობა 2 დღეში შეიქმნა, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების პოპულარობას ხელოვნურად ზრდის - ეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოტიტორინგის შედეგად ირკვევა.
"მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელისა და გვარის მქონე 415 არაავთენტური ანგარიში. ანგარიშების უდიდესი ნაწილი სულ ორ დღეში, 2026 წლის 25-26 აგვისტოს შეიქმნა. მათი უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებას იყენებს, ანგარიშების დიდი ნაწილი დახურულია და ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდებს იწერს.
ქსელში, ასევე, გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი რამდენიმე ანგარიში. მათი შექმნის თარიღები ემთხვევა იმ პერიოდებს, როდესაც შეიქმნა "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი კოორდინირებული არაავთენტური ქსელი. რომლის შესახებაც "სამართლიანი არჩევნები” ადრე წერდა და რომელი ქსელის დიდი ნაწილის Meta-მ საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა.
გამოვლენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ანგარიშები ერთი ცენტრიდან იმართება და მათი მიზანი მმართველი პარტიის პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა.
გამოვლენილი ქსელის 424 ანგარიშიდან 303 შექმნილია 2026 წლის 25 აგვისტოს, ხოლო 109 - მომდევნო დღეს, 26 აგვისტოს. შესაბამისად, ქსელის 97% ორი დღის განმავლობაში ამოქმედდა. ამ ანგარიშების ფეისბუქის საიდენტიფიკაციო ნომრები (ID) ერთმანეთთან ახლოს, ვიწრო დიაპაზონშია განთავსებული, რაც მათ მოკლე დროში მასობრივ რეგისტრაციაზე მიუთითებს" - აღნიშნულია "ლიასამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.
Isfed-ში აცხადებენ, რომ ამასთანავე, ქსელში გამოვლინდა 11 ანგარიში, რომლებიც 2024 წლის იანვარსა და აპრილში შეიქმნა. მათგან სამი 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო შვიდი 19-23 აპრილის პერიოდში.
"სწორედ ამ თარიღებში შეიქმნა ასობით ყალბი ანგარიში იმ ქსელიდან, რომელიც სამართლიანმა არჩევნებმა "იმედის“ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახვის ხელოვნური გაპოპულარულების შესწავლისას გამოავლინა.
424 ყალბი ანგარიშიდან 295 პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებულ გამოსახულებას იყენებს. ასეთ ფოტოებს ხშირად რეალისტური ვიზუალი აქვთ, თუმცა დეტალური ანალიზისას შეიმჩნევა AI-გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ქსელის ხელახლა შექმნილი ანგარიშები ძირითადად სწორედ ასეთ ფოტოებს ეყრდნობა, მაშინ, როდესაც ადრე გამოვლენილ ქსელებში რეალური ადამიანებისგან მოპარული სურათების გამოყენება უფრო ხშირი იყო. გარდა ამისა, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა 22 ანგარიში, რომლებიც პროფილის ფოტოდ ცნობილი სპორტსმენების, მსახიობებისა და რეჟისორების სურათებს იყენებდნენ" - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
Isfed-ის შეფასებით მომწონებელთა სიებში ანგარიშების თანმიმდევრობაც ქსელის კოორდინირებულ მართვაზე მიუთითებს:
"ფეისბუქი რეაქციების სიას დაახლოებით მოწონების დროის მიხედვით ალაგებს, ამიტომ რეალური მომხმარებლები სხვადასხვა პოსტზე სხვადასხვა რიგით ჩნდებიან. ქსელის შემთხვევაში კი ერთი და იგივე ანგარიშები ათ სხვადასხვა პოსტზე იდენტური თანმიმდევრობით გვხვდებიან. მაგალითად, ცხრა ანგარიში ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე, ასევე „Tbilisi news“-ის პოსტებზე ყოველთვის ერთნაირი რიგით დგას. მომწონებელთა სიებში გამოვლინდა ქსელის ანგარიშების 10 ბლოკი, რომლებიც სულ მცირე ხუთ სხვადასხვა პოსტზე ზუსტად ერთი და იგივე თანმიმდევრობით, ზედიზედ მეორდება. ეს მიუთითებს, რომ ანგარიშები პოსტებს ჯგუფურად, ერთი სიიდან იწონებენ" - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ყალბი ანგარიშების უდიდესი ნაწილი ერთსა და იმავე ფეისბუქგვერდს იწერს.
"ქართული ოცნების მხარდამჭერ პოსტებზე ინტერაქციის ხელოვნური გაზრდა ერთჯერადი შემთხვევა არ არის. ბოლო თვეებში მსგავსი ქსელები რამდენჯერმე გამოვლინდა. 2026 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, რომელზეც მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. პოსტს თავდაპირველად ძირითადად კრიტიკული კომენტარები და სიცილის რეაქციები მოჰყვა, რის შემდეგაც მოწონებების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
"სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ პოსტზე 1551 არაავთენტური ანგარიში გამოავლინა, რომლების უდიდესი ნაწილი სინქრონულად იყო შექმნილი - მაგალითად, 99 ანგარიში 2024 წლის 22 იანვარს, ხოლო 250 - იმავე წლის 19-23 აპრილს. ქსელი მოპარულ და AI-ით გენერირებულ ფოტოებს იყენებდა და „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ გვერდებს იწერდა.
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოვლენილი ანგარიშებიდან 1343 ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა. მიმდინარე საქმეში გამოვლენილი 2024 წლის ანგარიშები სწორედ ამ თარიღებშია შექმნილი. გარდა ამისა, „მითების დეტექტორმა“ 2026 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 400-ზე მეტი არაავთენტური პროფილი გამოავლინა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს იყენებდნენ" - წერია სამართლიანი არჩევნების ანგარიშში.
ISFED-ის ცნობით, ქსელში, ასევე, გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშები, რომელთა შექმნის თარიღები ემთხვევა „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ადრე, „იმედის“ პოსტზე გამოვლენილი ქსელის შექმნის პერიოდებს.
კვლევა სრულად: https://shorturl.at/ja5Xa