„ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგია“ - ექსპერტები ინფლაციის მიზეზებზე
საქართველოში ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ეკონომისტები ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აკისრებენ. მათი შეფასებით, ფულის მასის ზრდა ინფლაციას აძლიერებს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას ამცირებს.
"თავისუფალი ხალხის პარტიის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის შეგნებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
ინფლაცია ეროვნული ბანკის გამოწვეულია და ეროვნული ბანკი კი არ ებრძვის ინფლაციას, ეროვნული ბანკი თვითონ წყვეტს, როგორი ინფლაცია უნდა იყოს ქვეყანაში. ამიტომ, როცა ინფლაცია მაღალია, ესე იგი, ეროვნულმა ბანკმა თვითონ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ფასები უნდა იზრდებოდეს და ხალხი უნდა ღარიბდებოდეს. ზოგჯერ ეს იმდენად მკაფიო ხდება, რომ ამის ატანაც რთულია. ამ შემთხვევაშიც ფასების ზრდის ტემპი განპირობებულია იმით, რომ ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს ეროვნული ბანკი. სულ, ამ წელში, 8 მლრდ ლარზე მეტი დაიბეჭდა მხოლოდ დოლარების შესყიდვის დროს და ბუნებრივია, როცა ეროვნული ბანკი ასე იქცევა, ფასები გაიზრდება, მაგრამ ეს იმიტომ კი არა, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციას არ ებრძვის, არა, იმიტომ, რომ ეროვნულ ბანკს ასე უნდა და ის, რაც ჩვენს მოსახლეობას აღელვებს, არისშეგნებული არჩევანი "ქართული ოცნების" და ეროვნული ბანკის და არა შემთხვევითობა, - ამბობს "თავისუფალი ხალხის პარტიის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი.
ფინანსისტი გიგი ბედინეიშვილი მაღალი ინფლაციის მიზეზად ეროვნული ბანკის ზედმეტად რბილ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებს და მისი დამოუკიდებლობის პრობლემაზე საუბრობს.
ზედმეტად რბილია ხოლმე, როგორც წესი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა და ამის შედეგია, რომ საკმაოდ ამაღლებული ინფლაცია გვაქვს, რაღაც პერიოდებში უფრო სწრაფი, რაღაც პერდიოში ნაკლებად სწრაფი. მოკლე ვადაში ფულის მასის ზრდა სტიმულირებას აკეთებს ეკონომიკის. მერე რომ ამას მტკივნეული შედეგი მოსდევს ხოლმე, ამას არ დაგიდევენ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსები, ცენტრალური ბანკები. ცენტრალური ბანკები ასე არ უნდა იქცეოდნენ, ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობაზე საქართველოში, სამწუხაროდ, ლაპარაკი ზედმეტია, - ამბობს ფინანსისტი გიგი ბედინეიშვილი.