რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გაძვირდა - ოპოზიცია მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებს

14.10.26 12:31
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გაძვირდა - ოპოზიცია მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ბიუჯეტის მორიგი გაზრდა ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა. "ოცნების" ოპონენტები თბილისის მერიას პროექტის არასწორ დაგეგმვაში ადანაშაულებენ და დამატებითი ხარჯების დასაბუთებას ითხოვენ. მათი შეფასებით, სამუშაოების მიმდინარეობისას ხელშეკრულებებში არაერთგზის შეტანილი ცვლილებები პროექტის ხარვეზებზე მიუთითებს.

საბა ბუაძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოკლე პერიოდში რეაბილიტაციის ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კი საკონტრაქტო პირობების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. მისი თქმით, მერიამ უნდა განმარტოს, რატომ ვერ მოხერხდა დამატებითი ხარჯების წინასწარ გათვალისწინება.

ხანმოკლე პერიოდში 3-ჯერ ხდება თანხის დამატება და ეს თანხა აღემატება 700 ათას ლარს, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამდენად სწორად და კომპეტენტურად იქნა დაგეგმილი ის შეწყიდვა, რომელიც განხორციელდა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის. და, როდესაც სამჯერ ხდება თანხის დამატების მოთხოვნა, როდესაც, ამავდროულად, რამდენჯერმე ხდება ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის დაჯარიმება, რასაკვირველია, ეს ყველაფერი აჩენს კითხვას, თავად ეს შესყიდვა თბილისის მერიამ რამდენად კომპეტენტურად და სწორად დაგეგმა. თბილისის მერიამ დეტალურად უნდა გვიპასუხოს, რატომ გახდა საჭირო ამ თანხის დამატება და ხომ არ იყო შესაძლებელი ამ ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა და პროგნოზირება, - ამბობს საბა ბუაძე.

კორუფციის მკვლევარი და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ბესიკ დონაძე კი აცხადებს, რომ დამატებითი ხარჯები უხარისხოდ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციითაა გამოწვეული. მისი შეფასებით, თბილისის მერიამ სამუშაოების ვადებიც პოლიტიკურ კალენდარს მოარგო.

რუსთაველის რეაბილიტაციის თანხას თითქმის 1 მლნ-ი ლარი დაამატეს. ეს მილიონი ლარი გადანაწილებულია სამივე მონაკვეთზე. ჩვენ თუ გავეცნობით დოკუმენტაციას, მივხვდებით, რამდენად ცუდად იყო პროექტები შედგენილი და აღნიშნული თანხის დამატებასაც ასეთი აბსურდული მიზეზები აქვს, მაგალითად, ერთ-ერთი არის ის, რომ 600 მლმ-იან მილს ჯობია 1000 მილიმეტრიანი და ამიტომ თანხა დაგვიმატეთ.

კალაძე ვერც მის დაწყებულ პროექტს ვადებში ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მიბმულია მის პოლიტიკურ კალენდარზე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან, - ამბობს ბესიკ დონაძე.

ცნობისთვის, თბილისის მერიასა და კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებით, სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია კიდევ 577 800 ლარით გაძვირდა და მისმა ღირებულებამ 6 მილიონ 355 ათას ლარს მიაღწია.

ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე გაძვირებული ხელშეკრულებაა. 9 ოქტომბერს რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაციის ბიუჯეტი 147 869 ლარით გაიზარდა. შედეგად, ორი მონაკვეთის სამუშაოების ღირებულებას ჯამში 725 669 ლარი დაემატა.

მერიის განმარტებით, დამატებითი ხარჯები სამუშაოების პროცესში გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა საინჟინრო-გეოლოგიურმა გარემოებებმა გამოიწვია. პროექტში ცვლილებები წყალშემკრები სისტემის გაუმჯობესებას, მილების შეცვლასა და საგზაო საფარის გამაგრებას ითვალისწინებს.

„სმარტ სოლუშენსი“ რუსთაველის გამზირის სამივე ლოტზე მუშაობს. კომპანიასთან თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 19,8 მილიონ ლარს შეადგენდა. სამუშაოები 23 ივლისს დაიწყო და მათი დასრულებისთვის 100 დღე იყო განსაზღვრული.

ამასთან, თბილისის მერიამ კომპანია საკონტრაქტო პირობების დარღვევისთვის 11-ჯერ დააჯარიმა. დარღვევები სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირდებოდა.

რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციაში სხვა კომპანიებიც მონაწილეობენ, მათ შორის „AWARD“, „ნიუკონსი“, ასევე GWP-ისა და „თბილისი ენერჯის“ კონტრაქტორები, რომლებიც ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაზე მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები