„ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაწირეს“ - ციმბირში გარდაცვლილი მეცნიერის დედა შავი ჭირის გაჟონვის ვერსიას უარყოფს
ციმბირში გარდაცვლილი 28 წლის რუსი მეცნიერის, დარია შიპილოვას დედა უარყოფს გავრცელებულ ვერსიას, რომლის თანახმადაც მისი ქალიშვილი შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიით ლაბორატორიაში სინჯარის გატეხვის შედეგად დაინფიცირდა. სვეტლანა შიპილოვა რუსეთის ხელისუფლებას შვილის სიკვდილში ადანაშაულებს.
დარია შიპილოვა ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. იგი 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა მეცნიერს ფილტვის ჭირი ჰქონდა, თუმცა რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი წარმოშობის პნევმონია გახდა.
გარდაცვლილის დედა, რომელიც თავადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, გამოცემა Glubina-სთან აცხადებს, რომ სახიფათო პათოგენების შესანახი სინჯარები იმდენად გამძლეა, მათი შემთხვევით გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„მათ უბრალოდ ჩემი შვილი სასიკვდილოდ გაწირეს“, - ამბობს სვეტლანა შიპილოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფი ასობით ადამიანი კარანტინში მოათავსეს.
შემთხვევამ გააჩინა ვარაუდები, ხომ არ მუშაობდა ლაბორატორია ანტიბიოტიკებისადმი მდგრად, შესაძლო მოდიფიცირებულ შტამზე. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა რობერტ რედფილდმა განაცხადა, რომ ბაქტერიის შესაძლო რეზისტენტობას მკურნალობის წარუმატებლობის ახსნა შეეძლო. თუმცა ამ ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
დონალდ ტრამპმა გამორიცხა ვარაუდი, რომ მეცნიერი ბიოლოგიური იარაღით დაიღუპა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, რუსეთმა მომხდარის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა და საერთაშორისო პროტოკოლები დაიცვა. მან მედია დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.