"ჯაღმაიძეს უთხარით, ეს პრიმიტიული ქცევაა" - ზურაბიშვილი „ტვ პირველისა“ და „ფორმულასთვის“ აკრედიტაციის არმიცემაზე
"ჯაღმაიძეს უთხარით, რომ ეს არის პრიმიტიული ქცევაა...დაუშვებელია" - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ 14 ოქტომბერს, მცხეთობის (სვეტიცხოვლობის) დღესასწაულზე აკრედიტაციას არ მისცეს.
ამის შესახებ ფბ-ლაივში ზურაბიშვილს კითხვა მოქალაქემ დაუსვა.
ჯაღმაიძეს უთხარით, რომ ეს არის პრიმიტიული ქცევაა, დაუშვებელია რომელიც მე არცერთ ქვეყანაში არ გამიგია, როგორიც არ უნდა იყოს ქვეყნის რეჟიმი, ეს საპატრიარქოსგან კიდევ უფრო წარმოუდგენელია". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ გაავრცელა.
„დღეს დარეკა საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ, „თქვენი აკრედიტაცია გაუქმდა“, თქვა და ტელეფონი გათიშა. ამის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს“, - დაწერა ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, 13 ოქტომბრის 19:00 საათის მდგომარეობით, აკრედიტაციის გაუქმების შესახებ შესაბამისი ბრძანება გამოცემული არ ყოფილა.
„ასეთი რამ არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის დროს. არასდროს ყოფილა სვეტიცხოვლობაზე ჟურნალისტები არ დაეშვათ. ეს არის პირველი სვეტიცხოვლობა, სადაც აკრძალვა ორ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეეხო“, - დაწერა ნოდარ მელაძემ.
ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მიმოწერისას ანდრია ჯაღმაიძემ აკრედიტაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ მიზეზად 2021 წლის 8 მარტს მარტვილში მომხდარი ინციდენტი დაასახელა.