გიორგი ბაჩიაშვილის „კრიპტომატი“ განცხადებას ავრცელებს
თანაინვესტირების ბანკის ყოფილი ხელმძრვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის კომპანია „კრიპტომატი“ ეხმაურება კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლის პოზიციებს და ამბობს, რომ ბრალდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათდამი „ფავორიტიზმზე აბსურდულია“.
კრიპტომატი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს პასუხი გავცეთ შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს ჩვენი კომპანიის შპს „კრიპტომატის“ მიმართ.
შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის განცხადებები ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმის შესახებ და შპს „კრიპტომატის“ მიმართ გამოთქმული ბრალდებები არ გაგვკვირვებია. ეს მიდგომა სრულად შეესაბამება კომპანიის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტილს.
შპს ბიტექსჩეინჯი მრავალი წელია გამოირჩევა არაკეთილსინდისიერი კონკურენციითა და ბიზნესპრაქტიკით. ამას ადასტურებენ არა მხოლოდ კონკურენტები, არამედ სხვა კომპანიები და პირებიც, რომლებსაც მათთან რაიმე ბიზნესგადაკვეთა ჰქონდათ. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას მათი მხრიდან წარმოდგენილ კანონდარღვევებსა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე, რასაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს კვლავ მივაწვდით და ასევე სასამართლოში შევიტანეთ შესაბამისი სარჩელი.
შპს ბიტექსჩეინჯის მენეჯმენტის მიერ წარმოთქმული ფავორიტიზმის ბრალდება აბსურდულია და საკუთარი დარღვევების გადაფარვის მახინჯი მცდელობაა. ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, შპს „ბიტექსჩეინჯის“ შემოწმება განხორციელდა გეგმურად 2026 წლის თებერვალში. კომპანიას დაეკისრა 572 118 000 ლარის ჯარიმა რაც გამოწვეული იყო კომპანიის მხრიდან სერიოზული დარღვევებით, მათ შორის საეჭვო ოპერაციების ანგარიშგების, სისტემებისა და შიდა კონტროლის ხარვეზებიდან გამომდინარე. სიცრუე იყო კომპანიის დირექტორის დავით ორჯონიკიძის განცხადება, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ექსკლუზიურად მათი შემოწმება, რადგან შპს „კრიპტომატიც“ ბიტექსჩეინჯის მსგავსად ამ დრომდე გადის მარეგულირებლის მხრიდან შემოწმებას, როგორც რამდენიმე სხვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერიც.
ასევე სიცრუეა დავით ორჯონიკიძის განცხადება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ეროვნული ბანკი ვალდებული იყო შპს „კრიპტომატის“ ლიცენზია გაეუქმებინა. გვინდა აღვნიშნოთ, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლის ზომებს არ აქვს კავშირი კომპანიასთან, უფრო მეტიც მის წილს კომპანიაში ადევს სასამართლოს ყადაღა. ამასთანავე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიება, რის საფუძველზეც გიორგი ბაჩიაშვილს შეუჩერდა კომპანიის ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, რაც რეესტრში წარდგენილი წესდების შესაბამისი ცვლილებით დასტურდება.
ჩვენი პოზიცია უცვლელია: ბაზარზე უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია, პასუხისმგებლობიანი ბიზნესპრაქტიკა და კანონმდებლობის დაცვა. საკუთარი მძიმე დარღვევების სხვების დადანაშაულებით გადაფარვა პასუხისმგებლობიდან თავის არიდების უსუსური მცდელობაა და მიზნად ისახავს რეალური პრობლემიდან აქცენტების სხვა მიმართულებით გადატანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას."
რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 1 ივლისსა და 9 ოქტომბერს ორი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა:
- #1: „კრიპტობიზნესი პრივილეგიებით, ქონება ივანიშვილის ყადაღით - ბაჩიაშვილის დაბრუნება“ - ეს ჟურნალისტური გამოძიება აღწერს კრიპტობაზარზე არსებულ დავას ორ მსხვილ მოთამაშეს, „კრიპტომატსა“ და „ბიტექსჩეინჯს“ შორის; დავით ორჯონიკიძის კომპანია ამბობდა, რომ ეროვნული ბანკი „ვერ ხედავს“ დარღვევებს, რომლებიც ბაჩიაშვილს კონკურენტებთან უპირატეს მდგომარეობაში აყენებს;
- #2: „ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა“ - ეს გამოძიება კი აღწერს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო კორუფციული გარიგების მცდელობას/ზეწოლას კრიპტომატების კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელებთან და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.