ჩემს შვილს არაფრის გამო გულში, 14 სმ-იანი ჭრილობა აქვს, ვითხოვ სამუდამო პატიმრობას - მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებული არასრულწლოვანის მიმართ უმაღლეს სასჯელს ითხოვს.
ეკა მხატვრიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც განსასჯელის სკამზე არასრულწლოვანი ზის. როგორც ქალმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მის შვილს არანაირი მიზეზი არ მიუცია ბრალდებულისთვის, რომ ის მოეკლა.
"ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა ჩემი შვილი. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს" - განაცხადა ნარიმანიძის დედამ.
“მოლოდინი მაქვს, რომ დაისჯება. ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რადგან არასულწლოვანია.
არანაირი წინაპირობა არ ჰქონია და ჩემს შვილს არ მიუცია არანაირი მიზეზი, არაფრის გამო მოკლა. ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან ჩემი შვილი გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა…
ჩემი შვილი ფეხზე არ ადგა, რადგან ჩემი აზრით, მის საუბარს ყურადღება არ მიაქცია - ის საკუთარ თავზე, თავის ცხოვრებაზე საუბრობდა, რომ იყო კრიმინალი. რატომ არ დგახარ ფეხზე და რატომ არ მისმენო? - ამ მიზეზით წამოაყენა ჩემი შვილი. მას ფეხი მართლა სტკიოდა, ამის საბუთებიც არსებობს. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს.
ადამიანური დანაშაული ყველას აქვს, სუფრის წევრები მას არ გაყვნენ, ადამიანურად დამნაშავეები არიან. რაც შეეხება ხელის დაფარებას, მკვლელს ორი მეგობარი ახლდა, რა თქმა უნდა, დანაშაული დაფარეს. როცა პოლიციამ ჰკითხა მათ, რა მოხდაო, არ ვიცითო, თქვეს. ეს საკითხიც გამოიყოფა, პასუხისმგებლობა ყველას ეკუთვნის”, - განაცხადა ეკა მხატვრიშვილმა.
მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა - გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ირკვევა ისიც, რომ სკოლის მოსწავლე თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. მან გირაო არ გადაიხადა, თუმცა სისტემას თვეების განმავლობაში არ მოუკითხავს, რატომ არ ასრულებდა გირაოს პირობებს ბრალდებული.
- საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.