ძმები კაკულიები კვარაცხელიების ოჯახს მიმართავენ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ
22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები მათ მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
მეტიც, სასამართლო პროცესზე დავით კაკულიამ კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოუწოდა.
დავით კაკულიას განცხადებით, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.
„თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა არ ვცნობ! ეს სხდომა საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს! პროკურატურას აქამდე უნდა შეეწყვიტა გამოძიება. ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ერთი ცრუ მოწმეც ვერ მოიყვანა. აქედან გამომდინარე კვარაცხელიების ოჯახს მინდა მივმართოთ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია“, - განაცხადა დავით კაკულიამ.
დავით და გურამ კაკულიებმა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს. საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.
შესაბამის შეთავაზებას სასამართლო ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად საქმეზე ბრალდებულებს ავტომატურად უკეთებს.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კაკულიებს დეტალურად განუმარტა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, თუმცა, ძმებმა აღნიშნულით სარგებლობაზე უარი განაცხადეს.
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია და ძმები - დავით და გურამ კაკულიები დაასახელა.
- კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე.
- ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ის 16 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ასევე მსჯავრდებულები არიან აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.