სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა 500 000-ლარიანი გირაო ქონების უზრუნველყოფით გადაიხადა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს ქონებით უზრუნველყოფა მოხდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ახობაძის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფა მისი ქონებით მომხდარიყო.
ადვოკატების მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.
- ლევან ახობაძეს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რაც გასულ სხდომაზე სასამართლომ 500 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა და გადასახდელად 30 დღე განესაზღვრა.
ცნობისთვის, 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
საქმის მასალების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.