დაესწრება თუ არა საგანგებო სხდომას ბიძინა ივანიშვილი - რა (არ) იციან "ოცნებაში"

15.10.26 15:24
დაესწრება თუ არა საგანგებო სხდომას ბიძინა ივანიშვილი - რა (არ) იციან "ოცნებაში"

საგანგებო სხდომა "ოცნებაში" - ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ შაბათს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. 

"ოცნების" დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ოპოზიციის აკრძალვის სარჩელიც იქნება განხილვის თემა. 

ჩვენ უნდა მიმოვიხილოთ მიმდინარე მოვლენები ზოგადად ქვეყანაში, ქვეყნის გარეთ. ასეთი სახის სამუშაო შეხვედრა ძალიან კარგია, მითუმეტეს საპატიო თავმჯდომარე ესწრება ამ სხდომას.  ყველა მიმდინარე მოვლენაზე იქნება მსჯელობა, მათ შორის პარტიების ეს მიმდინარე სარჩელი რაც არის. რა თქმა უნდა, ესეც მიმდინარე საკითხებში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და კიდევ სხვა ბევრი საკითხია, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რეგიონში. არანაირი ახალი პროცესი არ არის დაწყებული პარტიაში"

მაჭავარიანისგან განსხვავებით, ბევრი არაფერი იციან აღნიშნულ სხდომაზე "ოცნების" სხვა დეპუტატებმა. მათთვის არც ის არის ცნობილი, დაესწრება თუ არა უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი. 

წინასწარ არაფერი არ ვიცით. მიმდინარე საკითხები იქნება. მერე რა, ჩვენთვის არასამუშაო დღე არ არსებობს. არ ვიცი ივანიშვილი დაესწრება თუ არა. თუ დაესწრება ამაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. იქნება ალბათ განხილული ის საკითხები, რომელიც მიმდინარე საკითხებია. არვიცი პარტიების აკრძალვაც თუ განიხილება", - ამბობს შოთა ხაბარელი. 

ანალოგიური კომენტარი გააკეთა "პირველებთან" გიორგი კახიანმაც.

არის საკითხები, რომელზეც ასე ყველაფერზე არ ვსაუბრობთ. შესაძლოა დაესწროს ბატონი ივანიშვილი, შესაძლოა არა. როგორც კი კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერა არის საჭირო, ამას გავაჟღერებთ თავის დროზე", - ამბობს გიორგი კახიანი.

ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ შაბათს სხდომაზე აუცილებლად მივა, თუმცა მან ვერ უპასუხა კითხვას, რატომ გახდა საჭირო ერთ კვირაში ორი უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა. 

კი დავესწრები უმრავლესობის სხდომას. არვიცი იქნება თუ არა ივანიშვილი (კითხვა - ერთ კვირაში ორი უმრავლესობის სხდომა რა საჭიროა?) მიმდინარე საკითხები იქნება", - ამბობს ბეჟან წაქაძე.

სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით, ირაკლი ზარქუამ და დავით მათიკაშვილმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ შაბათს უმრავლესობის სხდომა იყო ჩანიშნული. 

"რაა? არვიცი რაზე საუბრობთ" - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

მარიამ ლაშხმა კი "პირველებს" უთხრა, რომ შაბათს უმრავლესობის სხდომა არ არის. კითხვაზე, უფრო გაფართოებული სხდომა ხომ არ იგეგმება - "ოცნების" დეპუტატმა ამ კითხვას აღარ უპასუხა. 

უმრავლესობის სხდომა არ არის", - ამბობს მარიამ ლაშხი. 

შაბათს, 17 ოქტომბერს "ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პარტიის ცენტრალურ ოფისში დეპუტატებს შაბათს 14:00 საათზე ელოდებიან. შეკრებას სავარაუდოდ დაესწრება თავად "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.