ქარტია: საპატრიარქო, პარლამენტის მსგავსად, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იჩენს დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ

16.10.26 10:24
ქარტია: საპატრიარქო, პარლამენტის მსგავსად, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იჩენს დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ

დისკრიმინაციული, უპატივცემულო და დაუსაბუთებელი - ამ სიტყვებით აფასებენ ჟურნალსიტურ ქარტიაში შეზღუდვებს, რომელიც საპატრიარქომ დამოუკიდებელი მედიების, ტვ პირველისა და ფორმულას წინააღმდეგ სვეტიცხოვლობას აამოქმედა. 

გავრცელებულ განცხადებაში ქარტია ხაზგასმით წერს, რომ საპატრიარქო, პარლამენტის მსგავსად, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იჩენს დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ.

ქარტია საპატრიარქოს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას, და თავისი ურთიერთობა მედიასა და ჟურნალისტებთან ამ ღირებულების გათვალისწინებით ააგოს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე არ დაეშვა „ტვ პირველი“  და „ფორმულა“. 

საპატრიარქომ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მსგავსი ღონისძიებების დროს ამ ტელევიზიების ჟურნალისტები ხშირად არღვევენ შინაგანაწესს და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად ტოვებენ მედიისთვის განკუთვნილ სივრცეს. ჟურნალისტების თავისუფალი გადაადგილება კი ღვთისმსახურების პროცესს აფერხებს. 

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, საპატრიარქომ არ მიიჩნია საჭიროდ, ტელევიზიის მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი და კონკრეტული მიზეზი განემარტა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც ტელეკომპანიასა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს შორის მიმოწერისას გამოჩნდა, არის მითითება 2021 წლის 8 მარტის ინციდენტზე მარტვილში, როცა სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა. 

ქარტიის მოსაზრებით, ამ ინციდენტსა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულის გაშუქებას შორის პარალელის გავლება უადგილოა.  

ქარტია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქო, პარლამენტის მსგავსად, დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იჩენს დამოუკიდებელი და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების მიმართ. მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის დროს სვეტიცხოვლის ტაძრის ტერიტორიაზე „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ არდაშვებით საპატრიარქომ უპატივცემულობა გამოიჩინა მათი მაყურებლების მიმართ.  

ეკლესია თავის გავლენას არ უნდა იყენებდეს დისკრიმინაციის წასახალისებლად და არ უნდა იმეორებდეს პარლამენტის ცუდ მაგალითს - ზრდიდეს დისტანციას ჟურნალისტებსა და ძალაუფლების მქონე რესპონდენტებს შორის და ჟურნალისტებთან კომუნიკაციას მათ კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ხდიდეს.  

ყოველგვარ პირობითობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების უფლება, იყოს ინფორმირებული. ქარტია საპატრიარქოს მოუწოდებს, პატივი სცეს პრესის თავისუფლებას, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას, და თავისი ურთიერთობა მედიასა და ჟურნალისტებთან ამ ღირებულების გათვალისწინებით ააგოს".   - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები