წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება - პაპაშვილი ვერდიქტის მოლოდინშია

16.10.26 11:40
წამებით მოკლული თაზო მთვილიშვილის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, დღეს გამოცხადდება - პაპაშვილი ვერდიქტის მოლოდინშია

საკუთარ დაბადების დღეზე წამებით მოკლული 22 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია - გიორგი პაპაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება. 

დასკვნითი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს.

22 წლის მეშაურმის ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ოჯახის პოზიციით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თაზო მთივლიშვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი,  სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და მოკლა. 

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.

საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

მსგავსი სიახლეები