დავითაძის დედის თქმით, თუ ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს, "ციხეში კიდე უფრო ძლიერი ბუნტი იქნება"
დედა, რომლის პატიმარმა შვილმა რუსთავის ციხეში მასზე განხორციელებულ სავარაუდო გაუპატიურებაზე ისაუბრა და ბადრაგები ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს და არ დასჯის დანაშაულში მონაწილე ბადრაგებს, ასევე ციხის უფროსს, შოთა ტრაპაიძე, მაშინ "ციხეში კიდე უფრო ძლიერი ბუნტი იქნება".
ირმა დავითაძის ცნობით, მის შვილს, გიორგი დავითაძეს ციხეში ტელევიზორი ჩამოართვეს - პატიმარს არც დარეკვის უფლება აქვს.
იღებენ ყველა მის გადაადგილებას ბადრაგებთან ერთად. ტელევიზორი ჩამოართვეს, არ აქვს ამჯერად გიორგის ტელევიზორი. არც დარეკვის უფლება არ აქვს. ბევრნი არიან, ვინც გადაიყვანეს და გადაისროლეს სხვადასვა ციხეებში ციხის ბუნტის დროს და ყველას უნდა, რომ ჩვენება მისცენ. თუ ხელისუფლება არ მიიღებს ზომებს, დარწმუნებული ვარ შემდეგი კიდე უფრო ძლიერი ბუნტი მოელით", - ამბობს ირმა დავითაძე.
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
- უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.
რა დაადგინა შაბათის ეთერმა?
- TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ამჟამად ყოფილი ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
- ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.