"ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის" - მსჯელობა ატლანტიკური საბჭოს ფორუმზე
"ბრძოლა საქართველოს პოლიტიკური მომავლისთვის" - ამ საკითხზე მსჯელობენ ამერიკაში, სადაც ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. მსჯელობის მთავარი საგანია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.
ფორუმში მონაწილეობდნენ ექსპერტები, პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, რომლებიც წლებია აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ყველა მათგანი თანხმდება, რომ დღეს საქართველოში ნამდვილად დგას დემოკრატიული კრიზისი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს დაფასებას თითქმის 700 დღის განმავლობაში პროტესტისთვის.
ქართველი ხალხი იმსახურებს დაფასებას თითქმის 700 დღის განმავლობაში პროტესტისთვის, მიუხედავად ცემის, დაპატიმრებისა და ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიების საფრთხისა. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გაამახვილოს ყურადღება კონგრესზე, უფრო მეტადაც, რადგან ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუჩენია. მდივანი რუბიო მაისში სამხრეთ კავკასიას ეწვია, ის ჩავიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში. გამოიცანით, რომელი ქვეყანა გამოტოვა- ეს იყო საქართველო. ხაზი უნდა გაესვას იმ საფრთხეს, რომელსაც ქართული ოცნება უქმნის ამერიკულ ინტერესებს რეგიონში. დღეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა. ქართული ოცნება ამერიკის მტრებთან მეგობრობს. ქართულმა ოცნებამ რუსეთს საქართველოში ბევრად მეტი წვდომის საშუალება მისცა პირდაპირი ფრენების აღდგენითა და სხვა ნაბიჯებით. რუსების ნაკადი საქართველოში ასევე საფრთხეს უქმნის საქართველოს იდენტობის წაშლას. საფრთხე დიდია რეგიონში ირანული, რუსული და ჩინური ინტერესების გაფართოების ფონზე, რაც არ შედის აშშ-ის ინტერესებში და ჩვენ თვალი უნდა გავახილოთ ამ რეალობაზე", - განაცხადა დევიდ კრამერმა.
ამბასადორ ბრიჯეტ ბრინკი კი ამბობს, რომ "საქართველოს მომავალი ქართველების გადასაწყვეტია".
მისი თქმით,ქართველებს აქვთ ძლიერი ისტორია, თუ როგორ იცვლება ხელისუფლებები.
როგორი ქვეყანა გვინდა, ყველაფერი ამას ეხება - იქნება ეს ისეთი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს უფლებებსა და თავისუფლებებს, კანონის უზენაესობას, თუ ისეთი რომელიც კონტროლდება ავტოკრატი ლიდერების მიერ და რომელსაც კორუფციის მემკვიდრეობა აქვს. საქართველოში ვხედავ, რომ მოსახლეობას კვლავინდებურად სურს დემოკრატია და ამით ვამაყობ. საქართველოს მომავალი ქართველების გადასაწყვეტია. პროტესტი დიდი ხანია გრძელდება და ქართველებს აქვთ ძლიერი ისტორია, როგორ იცვლება ხელისუფლებები. თუ გადავხედავთ ვარდების რევოლუციას, თუ გადავხედავთ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას, ასე იცვლება მთავრობები. ეს არ ხდება ერთ ღამეში, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად ხდება", - ამბობს ბრიჯეტ ბრინკი .
ფორუმს ესწრებოდა ევრაზიის ცენტრის წარმომადგენელი ენდრიუ დანიერიც, რომელმაც თქვა, რომ "ოცნებას" ბევრი რამის გაკეთება შეეძლო, თუმცა "ეკონომიკა და პოლიტიკა რუსეთს მიაბა".
საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირაში შეხვდნენ ერთმანეთს და გამოხატეს ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე რაც ყველაზე უარესი შეფასებაა შეშფოთების შკალაზე. ეს ასახავს ბრიუსელის განწყობას ქართული ოცნების მთავრობის მიმართ, რომელმაც შეაჩერა პროცესი და პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო არაფრით დაახლოებოდა ევროკავშირის წევრობას.
ნატოს მხრივ, ვფიქრობ, თითქმის იგივე სურათია. საქართველოს წევრობა სრულიად გაყინულია. ქვეყანას შეეძლო გაეკეთებინა ბევრი რამ მაგალთად, არ მიაბა შენი ეკონომიკა და პოლიტიკა რუსეთს, ხელი შეუშალო ირანს და არ დააგირავო შენი ეკონომიკის ნაწილები ჩინეთზე. ძალიან მარტივი, გონივრული რაღაცებია, რასაც გააკეთებდი, თუკი რეალურად სერიოზულად იქნებოდი განწყობილი ევროატლანტიკური კურსის მიმართ. ირანი, რუსეთი და ჩინეთი - ყველა თავის თამაშს თამაშობს საქართველოში.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ქართველი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც, მათ შორის იყო ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
არსებობს შესაძლებლობა, რომ ცვლილებებს მივაღწიოთ და დავამტკიცოთ, რომ არსებობს რეალური ალტერნატივა.მაგრამ ფართო ქსელის შექმნის, საპროტესტო მოძრაობის სოციალური ბაზის გაფართოების გარეშე ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი იქნება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეში საქართველოს ე.წ საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება პროცესი, რომლის მიზანიც საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების უმეტესობის, მათ შორის ჩემი პარტიის აკრძალვაა.
პარტიების აკრძალვა აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ეს აჩვენებს იმ დამღუპველ კურსს, რომელსაც ქართული ოცნება ადგას. მაგრამ მაშინაც კი, თუ აკრძალვის საფრთხე არ იარსებებდა, ეს ვერ შეცვლიდა სიტუაციას და საბოლოო მიზანს.
პროტესტი იმდენად ფართო უნდა იყოს რომ რეპრესიულმა რეჟიმმა ეფექტიანი მმართველობის უნარი დაკარგოს". - განაცხადა ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.