"ბიძინა წადი!" - "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია გრძელდება
"ბიძინა წადი" - ამ მოწოდებით აქცია გრძელდება "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
გორგასლის 20 ნომერში შეკრებილები "ოცნების" საპატიო თავმდჯომარეს იმ დაპირებებს ახსენებენ, რომლებიც არ შეუსრულებია.
"თქვენ გადააგდეთ ქართველი ერი" - მიმართავს აქციიდან პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ივანიშვილს.
ბიძინა წადი, დაგვანებე თავი, თქვენი მილიარდებით ყველგან კარგად იცხოვრებთ, ნუ დაღუპავთ ამ ქვეყანას ბოლომდე. სად არის ის დაპირიბები, რომელიც 2012 წელს გაკეთდა თქვენს მიერ. სად არის იაფი და უფასო ფული ბატონო ბიძინა, სად არის ემიგრანტების დაბრუნება, სად არის ყოველ სოფელს 5 მილიონი, რატომ მოატყუეთ და გადააგდეთ ქართველი ერი?" - მიმართავს ზურაბ ცეცხლაძე ივანიშვილს.
"ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - "ოცნების" პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ შეხვედრის კადრები გაავრცელა.
უხმოდ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე სხდომაზე შედის, წინ მჯდომ დეპუტატებს ხელს ართმევს და სკამზე ჯდება.
კადრების თანახმად, უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილთან ერთად უძღვება ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კირცხალია.
სხდომას ესწრება პარლამენტის უმრავლესობა, ასევე მინისტრთა კაბინეტი. კადრებში ჩანს მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, სულხან თამაზაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი. ასევე სხდომაზეა წარმოდგენილი თეა წულუკიანი.