ყვარლის პოლიციის მაღალჩინოსანს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ
ყვარლის პოლიციის მაღალჩინოსანს განყოფილებაში გამოსაკითხად მიყვანილი ორი ახალგაზრდის ცემაში ადანაშაულებენ. საუბარია სოფელ შილდაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ პოლიციაში გადაყვანილ პირებზე.
ადგილობრივი ნინო ხუციშვილი „პირველებთან“ აცხადებს, რომ სამართალდამცველები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რათა მათგან გაეგოთ, ვინ დაჭრა სასაფლაოზე მომხდარი ჩხუბის დროს ერთ-ერთი მონაწილე. ხუციშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებათ.
მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაშინებასაც.
მალევე მოვიდა პოლიცია, შემდეგ სასწრაფოც მალევე მოვიდა და პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ თელავის სამმართველოდანაც, მოვიკითხე ყვარლის სამმართველოდანაც იყო პოლიცია და შემდეგ გადაიყვანეს ეს ადამიანი, ჩემი მეზობელი და რამდენიმე ბიჭი, ვინც იქ იყვნენ, დაკითხვაზე. მთელი ღამე, მეორე დღის შუადღემდე გაგრძელდა. აღმოჩნდა, რომ სასტიკად გაუსწორდნენ ორ მათგანს ჩვენების მოპოვების მიზნით. ხალხმრავლობა იყო სასაფლაოზ ტერიტორიაზე და სიბნელეში ალბათ და იმ ქაოსში რთულია მართლა გაიგო, ვინ მიაყენა დაზიანებები და მე როგორც ვიცი, ამ ინფორმაციას ითხოვდნენ მათგან და ისინი ვერ აკონკრეტებდნენ, კონკრეტულად ვისგან მიიღეს დაზიანება.
ზოგადად, ადამიანები არიან დაშინებულები გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია და არ არის უშუალო კომუნიკაციით მიღებული ინფორმაცია, მათ დაემუქრნენ, რომ ამის შესახებ არ უნდა ისაუბრონ, - ამბობს ნინო ხუციშვილი.
მოქალაქე ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდები არ დაუკავებიათ და ახლა თავისუფლებაზე არიან.
შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისას 20 წლამდე ასაკის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სასაფლაოზე მოხდა, სადაც ქორწილის მონაწილე ახალგაზრდებს არასრულწლოვანთა ჯგუფი დაუპირისპირდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დაჭრილის თანმხლები პირები და მათი ოჯახის წევრები გამოსაკითხად განყოფილებაში გადაიყვანა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ში "პირველებს" უთხრეს, რომ ყვარლის განყოფილებაში ძალადობაზე არავის მიუმართავს და შესაბამისად, არც მოკვლევაა დაწყებული.