ცნობილია, რომელ ქვეყანაში გაყიდა სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ნავთობი

19.10.26 17:05
ცნობილია, რომელ ქვეყანაში გაყიდა სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ნავთობი

საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის მთავარი წყარო სექტემბერში ლიბია გახდა, რომელმაც რუსეთი მთლიანად ჩაანაცვლა. საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში ერთ თვეში 144 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობი შემოვიდა, მთლიანად ლიბიიდან. შედარებისთვის, იანვარ-აგვისტოში იმპორტის 95 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა.

ცვლილება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საქმიანობას უკავშირდება. საწარმო, რომელმაც 2025 წლის ბოლოს რუსული ნავთობის გადამუშავება დაიწყო, ევროკავშირის სანქციების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ივლისში ევროკავშირმა ქარხანა 21-ე სასანქციო პაკეტში შეიყვანა, თუმცა შეზღუდვების ამოქმედება გადავადებულია. კომპანიამ აგვისტოში განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მიღება შეწყვიტა და ლიბიურზე გადავიდა.

მკვეთრად გაიზარდა ნავთობპროდუქტების ექსპორტიც. იანვარ-სექტემბერში მისმა ღირებულებამ 812 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 13-ჯერ მეტია. ნავთობპროდუქტები მსუბუქი ავტომობილების შემდეგ საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი გახდა. მთავარი საექსპორტო მიმართულება სექტემბერში სირია იყო, მანამდე კი პროდუქცია ძირითადად აფრიკის ქვეყნებში, მათ შორის ტოგოში, სენეგალსა და კოტ-დივუარში გადიოდა.

ამავე პერიოდში ნედლი ნავთობის იმპორტი 1,1 მილიონიდან 427 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ყულევის ქარხანა ექსპორტზეა ორიენტირებული, ქვეყანაში კი საწვავის საცალო ფასები კვლავ მაღალია — მოწოდებული მონაცემებით, რეგულარის ტიპის ბენზინი 4 ლარს, დიზელის ფასი კი 5 ლარს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები